მოდის კვირეულის, როგორც ფენომენის, საწყისებს გასული საუკუნის პირველი ნახევრიდან ვხვდებით. თავდაპირველად, ეს იყო ელიტური საღამოები დიზაინერების მდიდარი კლიენტებისთვის. 1950-იანი წლებიდან, მსოფლიო ომების დასრულების შემდეგ, მოდის ღონისძიებამ, რომელსაც კვირეულს ჯერ კიდევ არ უწოდებდნენ, უფრო მასშტაბური სახე მიიღო. პრესის ჩართულობამ ღონისძიებების შესახებ ცნობადობა მნიშვნელოვად გაზარდა. უკვე 80-იანების ბოლოს კი, მოდის კვირეულები კულტურულ მოვლენად ტრანსფორმირდა, რომელსაც ესწრებოდნენ ცნობილი ადამიანები – სამეფო ოჯახების წევრებიდან, ჰოლივუდისა და სპორტის ვარსკვლავებამდე. დღესდღეისობით, საერთაშორისო მოდის კვირეულები მრავალ-მილიონიანი გლობალურად გაშუქებადი და პოპულარული ღონისძიებებია, რომლებსაც მნიშვნელოვანი როლი უკავიათ არა მხოლოდ მოდის განვითარებაში, არამედ ქვეყნების ეკონომიკურ ზრდაში.

გასულ საუკუნეში ეტაპობრივად იზრდებოდა მოდის კვირეულის, როგორც კულტურული ფენომენის როლი და მასშტაბი, თუმცა ერთი რამ უცვლელი რჩებოდა – მოდის მყიდველთა უმრავლესობას ქალები წარმოადგენენ, გამომდინარე აქედან, მოდის კვირეულებზე მეტწილად სწორედ ქალის ტანისამოსის პრეზენტაცია ხდებოდა. ტრადიცულად, მამაკაცები მოდაში უფრო დიდ სიფრთხილეს იჩენდნენ. ისინი მეტად ერთფეროვნები იყვნენ არჩევანის გაკეთებისას და როგორც წესი, სადა და მარტივი კოსტიუმებით შემოიფარგლებოდნენ. ამიტომ, მიუხედავად არაერთი მცდელობისა, გასულ საუკუნეში, მამაკაცის მოდის კვირეულმა ფეხი ვერ მოიკიდა.

Fendi შემოდგომა/ზამთარი 2019 – Men’s

21-ე საუკუნე დასაწყისში, კულტურულმა ძვრებმა საერთაშორისო კომპანიებს მამაკაცის მოდაში ინვესტირებისაკენ უბიძგა. შესამჩნევი იყო მამაკაცი მყიდველების გააქტიურება ბრენდული მაღაზიების რიგებში. უფრო და უფრო მეტი სავაჭრო სივრცე ინტერესდებოდა კაცის კოლექციების გამრავალფეროვნებით, შედეგმაც არ დააყოვნა და 2010-იანი წლებიდან მოდაში ადგილი დაიმკვიდრა მამაკაცის სამოსის საერთაშორისო მოდის კვირეულმა.

ქალის სამოსის მსგავსად, Menswear მოდის კვირეულებიც წელიწადში ორჯერ ტარდება. შემოდგომა/ზამთრის კოლექციების წარდგენა ხდება ყოველი წლის იანვარსა და თებერვალში, ხოლო გაზაფხული/ზაფხულის – ივნისში. კაცების შემთხვევაშიც, არსებობს 4 ძირითადი მოდის კვირეული: მილანი, ლონდონი, პარიზი და ნიუ-იორკი. მილანში ღონისძიების ორგანიზებას ახდენს იტალიის მოდის პალატა, კვირეულში მონაწილეობეს იღებენ ცნობილი ბრენდები, მათ შორის: Prada, Gucci, Armani, Fendi, Dolce & Gabbana. პარიზში პასუხისმგებლობა აღარებული აქვს მაღალი მოდის ფედერაციას, რომელიც ერთ-ერთი უძველესი ინსტიტუტია მოდის ინდუსტრიაში. პარიზში მამაკაცის კოლექციებს წარადგენენ: Dior, Louis Vuitton, Yohji Yamamoto და სხვა ცნობილი მოდის სახლები.

Prada შემოდგომა/ზამთარი 2021 – Men’s

მოდის საერთაშორისო დედაქალაქებში მამაკაცის სამოსის მოდის კვირეულის მნიშვნელობა და პოპულარობა სეზონიდან სეზონამდე იზრდება, თუმცა ბევრ ქვეყანაში ის დღემდე არ ტარდება. მათ შორისაა საქართველოც, სადაც დიზაინერები მამაკაცის სამოსს განცალკევებული ჩვენებების და შესაბამისად კვირეულის სახით, არ წარადგენენ.

Tags :