მოდის ცნობილმა კონგლომერატმა LVMH-მა ვირჯილ აბლოს მიერ დაფუძნებული ბრენდი, Off-White ბრენდ მენეჯმენტის კომპანია Bluestar Alliance-ს მიჰყიდა. გარიგების ფინანსური დეტალები ჯერჯერობით უცნობია. 

როგორც Bluestar Alliance-ის ხელმძღვანელობამ განაცხადა, ვირჯილ აბლო ის დიზაინერი იყო, რომელმაც მოდის თანამედროვე სამყაროზე დიდი გავლენა მოახდინა და შესაბამისად კომპანიისათვის ამ ბრენდის ყიდვა დიდი პატივი და ამავდროულად, დიდი პასუხისმგებლობაა. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ კომპანია ყველაფერს გააკეთებს, რათა ბრენდმა კვლავ გააგრძელოს აბლოს შემოქმედებითი მემკვიდრეობა. მსგავსი შინაარსის განცხადება გაავრცელა LVMH-მაც, რომელმაც ასევე პატივი მიაგო ვირჯილ აბლოს შემოქმედებით პერსონას და მის ხედვას. 

ვირჯილ აბლომ Off-White 2012 წელს დააფუძნა. ბრენდმა ქალის სამოსის სრული კოლექცია პირველად 2014 წელს პარიზის მოდის კვირეულზე წარმოადგინა. 2015 წელს Off-White-ს LVMH-ის პრიზი გადაეცა. 2021 წელს კი კონგლომერატმა ბრენდის 60% შეისყიდა.