ფრანგულმა მოდის სახლმა, Louis Vuitton-მა ტოკიოში განახლებული სავაჭრო სივრცე გახსნა, რომლის არქიტექტურა და დიზიანი ბუნების შთაგონებით არის შექმნილი. ბრენდი შენობას 1981 წლიდან იკავებს, თუმცა, მისი რენოვაციის შემდეგ, ეს სივრცე ახალი ვიზუალური კონცეფციით აგრძელებს ფუნქციონირებას. შენობის პროქტზე ბრენდის რჩეულმა იაპონელმა და ამერიკელმა არქიტექტორებმა, ჯუნ აოკიმ (Jun Aoki) და პიტერ მარინომ (Peter Marino) ერთობლივად იმუშავეს.

განახლებული არქიტექტურული პროექტის ერთ-ერთი მთავარი ღირშესანიშნაობა შუშის მასიური ფასადია, რომელიც ტალღოვანი წყლის ილუზიას ქმნის. სწორედ ამ ასპექტმა გამოკვეთა ჯუნ აოკის ხელწერა, რომელიც გადატვირთული ქალაქის ურბანულ გარემოსთან კონტრასტს ქმნის. მიუხედავად ამ კონტრასტისა, შუშის ზედაპირი გარემოსთან ინტერაქციულ ელემენტებსაც ინარჩუნებს, რაც დღის განმავლობაში, დროის სხვადასხვა მონაკვეთის მიხედვით, შეცვლილ ბუნებრივ განათებას ირეკლავს და ფერების შთამბეჭდავ ტრანფორმაციას განიცდის.

გარდა ფასადისა, აღსანიშნავია შიდა სივრცე, რომელიც ოთხ სართულზეა გადანაწილებული. ინტერიერისა, დაპროექტებისა და სივრცული განაწილების მიმართულებას პიტერ მარინო (Peter Marino) ხელმძღვანელობდა. ინტერიერშიც შენარჩუნებულია ბუნების მრავალფეროვანი ლანდშაფტების სიმბოლოები და ფერები. საშოპინგო სივრცე, ტრადიციული მაღაზიის გარდა, მოიცავს მუდმივ შოურუმს, სადაც ახალ მოდელებთან ერთად, კოლექციების შესაბამისი ინსტალაციებიც იქნება წარმოდგენილი. ზედა სართულებზე განთავსებულია სალონი, რომელიც VIP მომხმარებლებისათვის განკუთვნილი განყოფილებაა.

ბრენდმა მულტიფუნქციური სივრცის სტუმრებისათვის კულინარიული გამოცდილების შესაძლებლობა ამჯერადაც გაითვალისწინა და ტოკიოს ფილიალშიც გახსნა კაფე სახელწოდებით  Le Café V. ეს მოდის სახლის მეორე თანამშრომლობაა ცნობილ შეფ მზარეულ იოსუკე შუგასთან (Yosuke Suga). გარდა კაფისა, იგეგმება შოკოლადის ბუტიკის გახსნაც, რომელშიც, მოდის სახლთან თანამშრომლობით, სპეციალური ტკბილეული დამზადდება. შოკოლადის მაღაზიის გახსნა აპრილის ბოლოს იგეგმება.

Tags :