2022 წლის დეკემბერში პარიზში Gucci-ის მაღაზია გაიხსნა, რომელშიც მხოლოდ სამგზავრო ჩანთები იყიდება. 229 Rue Saint-Honoré-ზე მდებარე სივრცეში წარმოდგენილია ნივთები Gucci Valigeria-ს სამოგზაურო ხაზიდან – დაწყებული დიდი ზომის ჩემოდნებით, დამთავრებული თავის მოვლის საშუალებებისთვის განკუთვნილი ჩანთებითა და ქუდების სათავსოთი.
ამჯერად ცნობილი გახდა, რომ იტალიური მოდის სახლი ლოს ანჯელესში ხსნის ახალ მაღაზიას, რომელშიც მარტო ჩანთების და აქსესუარების შეძენა იქნება შესაძლებელი.
სივრცე მელროუზის გამზირზე მოეწყობა, სადაც გასული წლის ივნისში Gucci-მ Adidas-თან კოლაბორაციით ფოფ-აფი გახსნა. მანამდე ამ ადგილას Marc Jacobs-ის მაღაზია ფუნქციონირებდა.

Gucci-ის ახალ მაღაზიაში შემოთავაზებული იქნება ჩანთების, აქსესუარებისა და მოგზაურობისთვის განკუთვნილი ნივთების ფართო ასორტიმენტი.