საქართველოში ათამდე სამოდელო სააგენტო ფუნქციონირებს, რომლებიც პროფესიონალ მოდელებთან თანამშრომლობენ და აქვთ კონტაქტები საერთაშორისო პარტნიორებთან, თუმცა შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ “Look Models Management” მათ შორის ყველაზე შთამბეჭდავ შედეგებს გვაჩვენებს.

თაკო ნაცვლიშვილი Elie Saab -ის ჩვენებაზე

მოდელის პროფესიაში სამოდელო სააგენტოსა და აგენტის როლი რომ არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე თანდაყოლილი კარგი გარეგნული მონაცემები, ამაზე მოდის ინდუსტრიაში ყველა თანხმდება. მაშინ როდესაც ყოველწლიურად, მაღალი მოდის პოდიუმზე, უამრავი ახალგაზრდა მოდელი ცდილობს გზის გაკვალვას და მათი უმრავლესობა აკმაყოფილებს ვიზუალურ სტანდარტებს, პროფესიონალი აგენტის ჩართულობა, მოდელის მონდომებასთან და შრომისუნარიანობასთან ერთად, წარმატების მისაღწევად ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია.

მატილდა გვარლიანი Chanel -ის ჩვენებაზე

სწორედ “Look Models Management”-ის სახეები არიან საერთაშორისო მასშტაბით წარმატებული ქართველი მოდელები: თაკო ნაცვლიშვილი, მატილდა გვარლიანი, მარიშა ურუშაძე და ა.შ. თაკო ნაცვლიშვილი მხოლოდ 16 წლის იყო, როდესაც Versace-ს, Elie Saab-ის, Dolce & Gabbana-ს, Dior -ის პოდიუმზე გამოვიდა და ჯორჯო არმანის სარეკლამო კამპანიებში გამოჩნდა, მარიშა ურუშაძე ერთი წლის განმავლობაში, Gucci-ს ექსკლუზიური მოდელი იყო, გარდა ამისა – მონაწილეობას იღებდა ნიუ-იორკის მოდის კვირეულში, მატილდა გვარლიანი კი, მომენტის ყველაზე წარმატებული ქართველი მოდელია, რომელიც ისტორიაში უკვე შევიდა, როგორც Vogue-ისა და Victoria’s Secret-ის პირველი ქართველი მოდელი. მიმდინარე წლის იანვარში, მაღალი მოდის პოდიუმზე კიდევ ერთი ქართველი გოგონას, ქრისტინე სხულუსხიას დებიუტი შედგა. ქრისტინე Valentino-ს ოტ-კუტიურ ჩვენებაზე გამოვიდა. აღსანიშნავია, რომ სხულუხიას კარიერაზეც სწორედ “Look Models Management” ზრუნავს.

მარიშა ურუშაძე Marc Jacobs -ის ჩვენებაზე

ზემოხსენებული გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ “Look Models Management” დამაჯერებლად პოზიციონირდა, როგორც სამოდელი სააგენტო, რომელიც საქართველოში ყველაზე ბევრ წარმატებულ მოდელს ქმნის. “Look Models Management” -ის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ნინო ცქიტიშვილი გახლავთ.