გრეტა გერვიგის ფილმის, Barbie-ის საერთაშორისო წარმატების შემდეგ, ცნობილი ხდება, რომ ჰოლივუდში სათამაშოების კიდევ ერთ ხაზზე იღებენ მხატვრულ ფილმს. ამჯერად მაყურებელი ეკრანზე კიდევ ერთი თოჯინის – Polly Pocket-ის ისტორიას იხილავს. პროექტი ჯერ კიდევ 2021 წელს დაანონსდა. როგორც საერთაშორისო პრესა იუწყება, ფილმზე მუშაობა უკვე დაწყებულია და მთავარ როლში ლილი კოლინზს ვიხილავთ.
Polly Pocket-ის ფილმის შემქმნელი Barbie-ის მსგავსად ასევე ქალია – კინოსურათის სცენარის ავტორი და რეჟისორი ლენა დანჰემია. Variety -სათვის მიცემულ ინტერვიუში ლენა დანჰემმა ფილმის შექმნის პროცესზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს სათამაშო მისთვის ბავშვობაში ჯადოსნურ სამყაროსთან ასოცირდებოდა. რაც შეეხება მთავარი როლის შემსრულებელ ლილი კოლინზს, ის არა მხოლოდ Polly Pocket-ის პერსონაჟს განასახიერებს, არამედ ფილმის პროდიუსერიც არის. Polly Pocket-ის ფილმის პრემიერის თარიღი ამ ეტაპზე უცნობია.