ერდემ მორიალოგლუს ახალი კოლექციის უკეთ აღსაქმელად საჭიროა გაიხსენოთ, ან ახლა აღმოაჩინოთ იტალიელი ხელოვანი, ტინა მოდოტი. წინააღმდეგ შემთხვევაში თურქი დიზაინერის ჩვენება მისი ხელწერიდან ოდნავ ამოვარდნილი მოგეჩვენებათ. მიუხედავად იმისა, რომ ერდემის საყვარელი ყვავილის პრინტები და ვიქტორიანული ესთეტიკა თვალშისაცემია, მექსიკური ქუდები, ყელსახვევები და მოსასხამები ფოჩებით, ერთიანობაში ერდემის ბრენდისთვის უცნაურ ვიზუალს გვაძლევს. ყველაფერი უფრო ნათელი გახდება, როდესაც ამოვიკითხავთ, რომ მომენტის ყველაზე წარმატებული თურქი დიზაინერი ზაფხულში მექსიკას სტუმრობდა, სადაც გაეცნო ტიდა მოდოტის ცხოვრებას, რომელიც საკმაოდ დატვირთული, საინტერესო და მრავალფეროვანი იყო.
„მექსიკაში ტინას ფოტოების კოლექცია აღმოვაჩინე და ძალიან დავინტრიგდი. რაც უფრო ბევრი წავიკითხე მის შესახებ, უფრო აღვფრთოვანდი. მისი ცხოვრების განვითარება მომწონს, იტალიის კინოს ვარსკვლავობიდან გახდა ერთ-ერთი პირველი მნიშვნელოვანი ქალი ფოტოგრაფი და შემდეგ პოლიტიკური აქტივისტი. 1942 წელს მექსიკაში უეცრად გარდაიცვალა. იცით, ჭორები არსებობს, რომ სინამდვილეში მოკლეს თავისი აქტიური პოლიტიკური ცხოვრების გამო.“ -ერდემ მორიალოგლუ.
დიზაინერი უდავოდ აღელვებულია, თუმცა საინტერესოა როგორი პასუხი ექნებათ მის მყიდველებს ტინას მრავალფეროვანი, მეამბოხე, განსხვავებული ცხოვრებით შთაგონებულ კოლექციაზე, რომელიც ერთი შეხედვით ნაკლებად ჰგავს იმას, რასაც ერდემი წარმატებულად ყიდის.
Erdem – გაზაფხული/ზაფხული 2020 – ლონდონის მოდის კვირეულის ახალი სეზონი.




ვიდეო – ერდემი გაზაფხული/ზაფხული 2020