Le Chic Radical ხელნაკეთი სამკაულების ქართული ბრენდია, რომელიც 2018 წელს ნინა ივანოვნამ და გიორგი ვაზოვსკიმ დააარსეს.  

წლების განმავლობაში, ნინა და გიორგი მოდის სფეროში ცალ-ცალკე მუშაობდნენ. შესაბამისად, საკმაოდ დიდი გამოცდილება ჰქონდათ სტილის, არტ დირექტორისა თუ კომუკიკაციების მენეჯმენტის მხრივ. დროთა განმავლობაში ესთეტიკისა და შთაგონების თახვედრის გამო, ერთობლივი პროექტის შექმნის იდეა გაჩნდა. ნინა და გიორგი 1 წელი მუშაობდნენ იმისთვის, რომ Le Chic Radical რეალობად ექციათ. ბრენდის სახელი სიტყვების თამაშის შედეგად დაიბადა – Radical და Chic. ეს მახასიათებლები ერთი შეხედვით შესაძლოა ერთმანეთთან დისონანსში მოგეჩვენოთ, თუმცა “რადიკალური შიქის” იდეა შედგა, ისევე როგორც რადიკალური გიორგისა და chic ნინას პარტნიორობა. 

პირველი კოლექცია სულ რაღაც 5 ნივთისგან შედგებოდა, თუმცა თითოეულ ნივთში ძალიან დიდი ფიქრი და შრომა იყო ჩადებული.

“ბევრ სირთულეს წავაწყდით,” იხსენებს გიორგი “საქართველოში ძალიან ძნელია ხარისხიანი წარმოების დაწყება”. თუმცა ფაქტი სახეზეა, რომ მათ ყველა გამოწვევასთან გამკლავება შეძლეს.

როგორც გიორგი ამბობს, მას ნინასთან უთანხმოებებიც ჰქონია, ან კამათი საბოლოო დიზაინზე. ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ კონსტრუქციული კრიტიკა და დიალოგი საღი აზრის დაბადებას უწყობს ხელს. მუშაობის საბოლოო შედეგი სახეზეა და პროექტი წარმატებულად განაგრძობს არსებობას. 

მოგვიანებით, ვაშლოვანის 1 ნომერში, Le Chic Radical მაღაზიაც გაიხსნა. შესაძლოა ითქვას, რომ შედეგმა ავტორების ჩანაფიქრს გადააჭარბა კიდეც. ინტერიერი და შინაარსი ნიშურია, მაღაზიაში ბრენდის სამკაულების გარდა იპოვით მინერალურ ქვებს, კრისტალებს, სურნელოვან სანთლებს, ბალახეულს, Maison Louis Marie-ს სუნამოებს და კიდევ ბევრ საინტერესო ნივთს, რომელიც არც კი იცოდით, რომ გჭირდებოდათ. ყოველივე ეს მაღაზიას მისტიურ და ეზოთერულ შეგრძნებას სძენს, თითქოს არა მხოლოდ სამკაულები ან კრისტალები ზრუნავენ თქვენს აურისა და კარმის კეთილდღეობაზე, არამედ მთლიანად მაღაზია. ალბათ ეს არის იმის მიზეზი, რომ მაღაზიას ვიზიტორები ზოგჯერ მხოლოდ დასათვალიერებლადაც აკითხავენ. 

მაღაზიის მთავარი “ექსპონატები” მაინც Le Chic Radical-ის სამკაულებია, რომლებიც ვერცხლში, Swarowski-ს კრისტალებში და ბუნებრივ მარგალიტებშია შესრულებული.

აქვე უნდა ითქვას, რომ გიორგიმ და ნინამ ახლახანს გაუზიარეს გამომწერებს 2021 წლის გაზაფხული-ზაფხულის კამპანია. “კოლექციაზე მუშაობა ახლახანს დავასრულეთ. გაგვეწელა პროცესი, თუმცა შედეგი იმდენად კარგია, რომ ლოდინი ნამდვილად ღირდა”, აღნიშნავს გიორგი.

ნივთები ახალ კოლექციაში საკმაოდ რთული კონსტრუქციისაა, თითქოს ვერცხლის მინიატურულ სკულპტურებს უყურებ. აქედან გამომდინარე დიზაინი საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში დარჩება აქტუალური. როგორც გიორგი ამბობს, ჩანაფიქრში თავიდანვე იყო ის, რომ მათმა ნაკეთობებმა აუცილებლად უნდა გაუძლონ დროს. შთაგონებაც მარადიულობის იდეებს ეხმაურება: ანტიკური კონცეფციები, ადამიანის დუალური ბუნება, ინის და იანის საიდუმლოებები… 

ნინა და გიორგი ყველა პროცესში თანაბრად არიან ჩართულები, მათი შთაგონების წყაროს, ინის და იანის მსგავსად, იდეალურად ავსებენ ერთმანეთს, იქნება ეს ფოტოსესიები, დიზაინი, თუ წარმოება. საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ძალიან ბევრი Le Chic Radical-ია და ყველა მათგანი გამოირჩევა ინდივიდუალიზმითა და მრავალფეროვანი შინაგანი სამყაროთი. მათი ბუნება ისეთივეა, როგორიც არის თვითონ Le Chic Radical.

Instagram.com/lechicradical
Facebook.com/lechicradical