ხუთი წლის წინ Ikea-ს 99 ცენტის ღირებულების ჩანთის მსგავს მოდელს Balenciaga 2,000 დოლარად ჰყიდდა. თუმცა ეს არ იყო პირველი და უკანასკნელი შემთხვევა, როდესაც ფრანგული მოდის სახლი დემნას კრეატიული ხელმძღვანელობით უშვებდა ისეთ ძვირადღირებულ პროდუქტებს, რომლებიც ფუფუნების განმარტებას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა. ბოლოს ამ მხრივ ბრენდმა განსაკუთრებული ყურადღება გასულ ზაფხულს მიიპყრო, როდესაც “ნაგვის ჩანთები” გაყიდვაში 1790 დოლარად გამოვიდა.
დროთა განმავლობაში ისეთი ნივთების გარდაქმნა ძვირადღირებულ პროდუქტებად, რომლებიც სიმდიდრესთან არ ასოცირდება, ბალენსიაგასთვის წარმატების ერთ-ერთ ფორმულად იქცა, რომელიც მის მუდმივად ყურადღების ცენტრში ყოფნას განაპირობებს. ასეთი გადაწყვეტილებები უკვე მოსალოდნელიც გახდა, თუმცა ბრენდი მაინც ყოველ ჯერზე ახერხებს, რომ მის გარშემო ხმაური ატყდეს. ამჯერად ეს ახალი კოლექციის ჩვენებაზე გამჟღავნებულმა კოლაბორაციამ გამოიწვია.
ივნისში სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ანტვერპენში, სამეფო სახვითი ხელოვნების აკადემიის კურსდამთავრებულების შოუზე დასასწრებად მისული დემნა “ლეისის” ჩიფსის შეფუთვით ხელში გადაადგილდებოდა. კადრებიდან იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ შეფუთვა მას აქსესუარის მაგივრობას უწევდა. მაშინ ონლაინ სივრცეში არაერთმა ადამიანმა ხუმრობით აღნიშნა, რომ დიზაინერი შესაძლოა ახალ თანამშრომლობაზე მიგვანიშნებდა. 2 ოქტომბერს ბალენსიაგას ჩვენებაზე ცნობილი გახდა, რომ “ლეისთან” კოლაბორაცია მართლაც შედგა.
გავრცელებული ინფორმაციით, სხვადასხვა ფერებში შექმნილი “ლეისის” ჩიფსის შეფუთვის იდენტური ტყავის ჩანთები ბალენსიაგას ბრენდინგით 1800 დოლარი ეღირება. ისინი გაყიდვაში რამდენიმე თვეში გამოვა.
Balenciaga ზაფხული 2023
ჩვენების ჩანაწერი