პარასკევს ცნობილი გახდა, რომ 2022 წელს Lanvin Group-ის მოგებამ €425 მილიონს მიაღწია, რაც წინა წელთან შედარებით 38%-იანი ზრდაა.
ჩინური კორპორაციის შემადგენლობაში შემავალი მთავარი ბრენდის, Lanvin-ის, შემოსავალმა გასულ წელს €121 მილიონი შეადგინა, თუმცა Wolford კვლავ რჩება Lanvin Group-ის ყველაზე მაღალშემოსავლიან ბრენდად. ტრიკოტაჟის ნაწარმის ავსტრიული ბრენდის წლიური შემოსავალი €227 მილიონამდე გაიზარდა. BOF-ის ცნობით, აღნიშნული რიცხვები Lanvin-ის შემთხვევაში “Cat” ჩანთის დიზაინსა და სნიქერებზე არსებული მოთხოვნის დიდი დამსახურებაა, Wolford-ისთვის კი განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა კოლაბორაციები Amina Muaddi-სთან და Mugler-თან.
EMEA-ს რეგიონში, რომელშიც შედის ევროპა, ახლო აღმოსავლეთი და აფრიკა, გაყიდვები 44%-ით, €148 მილიონიდან €214 მილიონამდე გაიზარდა. ჩრდილოეთ ამერიკაში ზრდის მაჩვენებელმა 36% შეადგინა, რაც შეეხება ჩინეთის რეგიონს, თვეების განმავლობაში დაწესებული მკაცრი კარანტინის პირობების მიუხედავად, 13%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
“2023 წლისთვის, ბაზრის სხვა მოთამაშეების მსგავსად, გარკვეულ მაკროეკონომიკურ გამოწვევებს ველით, მათ შორის ინფლაციას და ჩვენს მთავარ ბაზრებზე მიმდინარე გეოპოლიტიკურ დესტრუქციას,” განაცხადა კომპანიის საოპერაციო დირექტორმა დევიდ ჩანმა. “თუმცა გვჯერა წარმატების და ჩვენს გაფართოებაზე ვკონცენტრირდებით, განსაკუთრებით ჩინეთის ხელახლა გახსნილ ბაზარზე.”