2021 წლის კინო ჰიტად აღიარებული სამეცნიერო ფანტასტიკა, რეჟისორ დენის ვილნევის ფილმი – Dune მეორე ნაწილით ბრუნდება. Dune: Part Two მსოფლიო კინოთეატრების ეკრანებზე, მათ შორის საქართველოში, პირველი მარტიდან გამოჩნდება. საჯარო პრემიერას წინ დახურული ჩვენებების ტური უძღვის, რომლებიც მსოფლიოს დიდ ქალაქებში იმართება და მას შემოქმედებითი გუნდი ესწრება. ამ ჩვენებებზე სხვადასხვა გამოცემის კრიტიკოსები არიან მიწვეული, რომლებიც დენის ვილნევის სარეჟისორო ნამუშევარზე რეცენზიებს წერენ. აღმოჩნდა, რომ Dune: Part Two ის ფილმია, რომელსაც ერთსულოვნად დადებითი შეფასებები მოჰყვა. როგორც სხვადასხვა გავლენიანი კინოკრიტიკოსის სტატიებიდან ირკვევა, მეორე ნაწილი პირველ ფილმთან შედარებით ბევრად ეპიკური და სანახაობრივია. 

ერთ-ერთ რეცენზიაში ვკითხულობთ: “Dune: Part Two მისი პირველი ნაწილის ღირსეული გაგრძელებაა. ეს არის შემთხვევა, როცა რეჟისორი მაყურებელს იმაზე მეტს სთავაზობს, ვიდრე უკვე იხილა.” The Rolling Stone-ის მიმოხილვაში კი სტატიის ავტორი ნანახს ასე აღწერს – “ეს არის ის, რაც ნამდვილი ეპიკური სამეცნიერო ფანტასტიკა უნდა იყოს. Dune: Part Two არის უფრო დიდი, გაბედული და უკეთესი, ვიდრე პირველი ნაწილი.”

აღსანიშნავია, რომ Dune-ის მეორე ნაწილის სამსახიობო ქასთი ბევრად გაზრდილია და მასში ჰოლივუდის ახალი თაობის ვარსკვლავების განსაკუთრებული სიმრავლე იგრძნობა. მთავარ როლებს, პირველი ნაწილის მსგავსად, ტიმოთი შალამე და ზენდეია ასრულებენ. ფილმში კვლავაც ვიხილავთ რებეკა ფერგიუსონს. კინოსურათის ქასთში ასევე არიან: ფლორენს ფიუ, ლეა სეიდუ, კრისტოფერ უოლკენი, ოსტინ ბატლერი და ანია ტეოლორ ჯოი, რომელიც ერთ-ერთ საკვანძო პერსონაჟს განასახიერებს.

შეგახსენებთ, რომ Dune-ის პირველმა ნაწილმა ამერიკის კინოაკადემიისგან ოსკარის დაჯილდოებაზე 10 ნომინაცია მიიღო და 6 მათგანში გაიმარჯვა. ფილმის შემოსავალმა კი 400 მილიონი დოლარი შეადგინა.