2020 წელს ტენქოლოგიურ ბაზარზე გამოჩნდა ახალი ბრიტანული ბრენდი საკმაოდ საინტერესო სახელით – Nothing. კომპანიამ დასაწყისშივე საკმაოდ დიდი მიზნები დაისახა – შეექმნა სმარტფონის ხაზი, რომელიც კონკურენციას გაუწევდა ამ სექტორში დამკვიდრებულ გიგანტ სახელებს.
ამჯერად Nothing-მა სმარტფონის ახალი მოდელი Phone(2a) წარადგინა, რომელიც საინტერესო ვიზუალით გამოირჩევა და ესთეტიკურად ბრენდის ხელწერას მიჰყვება. მობილური ტელეფონის გამჭირვალე კორპუსი იმგვარად არის შექმნილი, რომ მოწყობილობის შიდა სისტემა ჩანს. მოყვანილობით პროდუქტი iPhone-ის ბოლო სერიის მოდელებს ჰგავს. ცხადია, რომ დიზაინი Nothing-ის ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულებაა და მის თანამედროვე ცხოვრების სტილთან დაკავშირებას ცდილობს. შესაძლოა ეს იმ ე.წ. Ugly ესთეტიკით არის ნაკარნახევი, რომელსაც თუნდაც მოდის ჩვენებებზე ხშირად ვხედავთ.
კიდევ ერთი საინტერესო დეტალი, რაც Nothing-ს გამოარჩევს, არის გუნდი, რომელიც კომპანიის მიღმაა. მაგალითად, Nothing-ის ერთ-ერთი ინვესტორია ტონი ფადელი – ინჟინერი და დიზაინერი, რომლის სახელი Apple-ის საკულტო პროდუქტს, iPod-ს უკავშირდება.
Phone(2a) გაყიდვაში 12 მარტიდან ჩაეშვება და მეხსიერების ბარათის მონაცემების მიხედვით, მისი ფასი 402-დან 442 დოლარამდე იქნება.