მოდის საყვარელი IT გოგო, ქლოი სევინი პოდიუმზე კვლავ გამოჩნდა, ამჯერად, მან Proenza Schouler-ის ჩვენება გახსნა. კოლექცია ბრენდის 20 წლისთავს აღნიშნავს – 2003 წლის თებერვალში, ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე ჯეკ მაკქოლომ და ლაზარო ჰერნანდესმა პროენზას სადებიუტო კოლექცია წარადგინეს.
ქლოი ჯეკისა და ლაზაროს დიდი ხნის მუზაა. მსახიობი პოზირებდა “პროენზა სქულერის” კამპანიებში, იცვამდა ბრენდის სამოსს სხვადასხვა ღონისძიებაზე. ქლოეს ხილვა ამ მონუმენტურ ჩვენებაზე, ბუნებრივი გადაწყვეტილება იყო, როგორც თავად დიზაინერები აღნიშნავენ. კოლექცია კლასიკური, დახვეწილი და მარადიულია, რაც შესაძლოა მომდევნო 2 ათწლეულისთვის განმსაზღვრელი გახდეს. მრავალი ექსპერიმენტული კოლექციის შემდეგ, პროენზაში, თითქოს, სტაბილურობა დამკვიდრდა.
“ჩვენი ფოკუსი, ამ ეტაპზე, ქალია, რომელიც ჩვენს სამოსს ატარებს. აქამდე, ჩვენ შთაგონებაზე, აბსტრაქტულ იდეებსა და კონცეფციაზე ვფიქრობდით. ახლა ყველაფერი ბევრად უფრო მატერიალურია. 2000-იანებსა და 2010-იანებში, დიზაინერები არაპროგნოზირებად კოლექციებს ქმნიდნენ, ვერასდროს მიხვდებოდი, თუ რა იქნებოდა მათი შემდეგი ნაბიჯი. ახლა ჩემი აზრით, მომხმარებლებს სტაბილურობა და მყარი ფასეულობები სურთ.” – აღნიშნა ჯეკ მაკქოლომ WWD-სთან საუბარში.
Proenza Schouler შემოდგომა/ზამთარი 2023