კანიე ვესტმა თავისი ბრენდის, YEEZY-ის დიზაინის მიმართულების ხელმძღვანელად გოშა რუბჩინსკი დაასახელა. ვესტმა ეს სიახლე სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელა. მან რუბჩინსკის ლეგენდარული რუსი დიზაინერი უწოდა.
“გოშა რუბჩინსკის შემოქმედებითი ხელმძღვანელობით, ჩვენ მზად ვართ, დავიწყოთ ახალი საინტერესო პროექტები და კოლაბორაციები, რომლებიც გამოხატავს ჩვენს დამოუკიდებელ სულს და შემოქმედებით ძალას. მადლობას ვუხდით ჩვენს აუდიტორიას მუდმივი მხარდაჭერისთვის” – წერია განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდი კანიე ვესტის შემოქმედებისა და ბიზნესისათვის საკმაოდ რთული იყო. ვესტმა სხვადასხვა დროს საჯაროდ გააჟღერა არაერთი წინააღმდეგობრივი განცხადება, რომლებიც საზოგადოებამ რასიზმისა და ანტისემიტიზმის შინაარსით აღიქვა. ვესტის პერსონასთან დაკავშირებულ პრობლემებს მოჰყვა ისიც, რომ მასთან თანამშრომლობა გაწყვიტა, როგორც Balenciaga-მ, ასევე Adidas-მა.
რაც შეეხება გოშა რუბჩინსკის, 38 წლის რუსი დიზაინერის კარიერა არაერთ დიდ ბრენდთან კოლაბორაციას აერთიანებს, მათ შორის არის Adidas. გოშა რუბჩინსკი ერთ-ერთი ის დიზაინერია, რომელმაც 2017-2018 წლებში ქუჩის სტილში პოსტ საბჭოთა სტილის აქტუალობა მნიშვნელოვნად განსაზღვრა. 2018 წელს რუბჩინსკი სკანდალში გაეხვა, როცა არასრულწლოვანმა მოდელმა ის შეუფერებელ მოპყრობაში ამხილა. როგორც 16 წლის მოდელის მიერ გამოქვეყნებული მიმოწერიდან ირკვეოდა, დიზაინერი მას ინტიმური ხასიათის ფოტოების გაზიარებას სთხოვდა.
აღსანიშნავია, რომ თავისი კარიერის აქტუალურ პერიოდში გოშა რუბჩინსკი საქართველოსაც ეწვია. 2018 წლის მაისში ის თბილისის მერსედეს-ბენც მოდის კვირეულის სტუმარი იყო.