2008 წელს, როდესაც ჯონათან ანდერსონმა საკუთარი ბრენდი, JW Anderson დააარსა, მოდის ინდუსტრია არსებითად განსხავებული იყო – ეს სამყაროა სოციალურ ქსელებამდე, “Cancel” კულტურამდე, სანამ ერთ თუნდაც გაუაზრებელ დეტალს შეეძლო მომენტის ყველაზე ნიჭიერი დიზაინერის კარიერა დაესრულებინა, სანამ იუმორი გახდებოდა საშიში და დიზაინერების კოლექციების „სრულყოფაში“ არა მხოლოდ მერჩენდაიზერები, არამედ იმიჯისა და პიარის სპეციალისტები ჩაერთვებოდნენ. ახალმა რეალობამ, რომელმაც კრეატორებს არა ჩარჩოებს მიღმა, არამედ მის შიგნით აზროვნებისაკენ უბიძგა, დიზაინერის პროფესია ქაოტური და არასტაბილური გახადა.
ახლა იშვიათობად გვევლინება დიზაინერი, რომლის მმართველობა ცნობილ მოდის სახლში არა რამდენიმე სეზონი, რაც როგორც წესი, ორ ან სამ წელს გულისხმობს, არამედ 10 და 15 წელი გრძელდება. ის იშვიათი შემოქმედები კი, რომლებიც წარმატებით უმკლავდებიან თანამედროვე მოდასა და კულტურაში არსებულ ქაოსს, ახერხებენ არა მარტო გადარჩენას, არამედ წინსვლას, ინდუსტრიისთვის იმედს წარმოადგენენ, რომ მოდაში ჯერ კიდევ არის ადგილი ჯანსაღი განვითარებისათვის. ჯონათან ანდერსონი სწორედ ასეთ იშვიათ და განსაკუთრებულ ფენომენს წარმოადგენს.
JW Anderson-ის დამფუძნებელი და Loewe-ს შემოქმედებითი დირექტორი, ჯონათან ანდერსონი წარმოშობით ირლანდიელია. მან განათლება მიიღო ლონდონის მოდის კოლეჯში, სადაც დააარსა თავისი სახელობის ბრენდი 15 წლის წინ. ლონდონის მოდის კვირეულზე მონაწილეობისას, ჯონათანის ექსტრავაგანტულმა და საკამათო კოლექციებმა დელფინ არნოს ყურადღება მიიქცია, რომელიც მოდის უდიდესი კონგლომერატის, LVMH-ის ერთ-ერთი აღმასრულებელი დირექტორი და მსოფლიოში მეორე ყველაზე მდიდარი ადამიანის, ბერნარ არნოს ქალიშვილია. სწორედ დელფინ არნოს ინიციატივით, 2013 წელს, ანდერსონმა შეთავაზება მიიღო LVMH-სგან, დაეკავებინა კონგლომერატის მფლობელობაში არსებული ესპანური ბრენდის, Loewe -ს შემოქმედებითი დირექტორის თანამდებობა.
Dior-ისა და Louis Vuitton-ის მფლობელი კონგლომერატისათვის, „ლუევე“ ნიშური ბრენდი იყო, რომლის ყოველწლიური შემოსავალი 200 – 300 მილიონ ევროს შეადგენდა. დღესდღეისობით, Loewe მილიარდ დოლარიანი კომპანიაა. ანდერსონის კოლექციებმა და შემოქმედებითმა ხედვამ ბრენდს მანამდე არნახული კომერციული წარმატება მოუტანა, რაც ბუნებრივად აისახა ბრენდის ცნობადობასა და პრესტიჟზეც. 2023 წლის ივლისში, ცნობილი გახდა, რომ Lyst Index -ის მომენტის ყველაზე განხილვადი ბრენდების ჩამონათვალში, Loewe-მ, ჯონათან ანდერსონის ხელმძღვანელობით, გადაუსწრო პრადას, ვერსაჩეს და ბოტეგა ვენეტას. მაშინ, როდესაც თანამედროვე მოდაში დიზაინერების მნიშვნელობა იმდენად გაუფასურებულია, რომ ისინი სამ და ხუთწლიანი კონტრაქტების ციკლში არიან მოქცეულნი – სეზონებში კარგავენ აქტუალობას ან/დაც სულაც უჩინარდებიან, ჯონათანის შემოქმედებითი ხედვა Loewe-ში ყოფნის მეათე წელს, იმაზე მეტად მოთხოვნადი და საინტერესოა, ვიდრე ოდესმე.
ათწლეულების განმავლობაში, მოდამ არაერთი ბრწყინვალე ხელოვანი აღმოაჩინა, რომელთა ხედვა იმდენად კონცეპტუალური და საინტერესო იყო, რომ აღაფრთოვანებდა მაყურებელს, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ მოდა მუზეუმების კედლებიდან არ გვიცქერს, არამედ მას ყოველდღიურად ვიცვამთ და ვატარებთ, კონცეპტუალური მოდის სახლების უმრავლესობა ნიშურ ბიზნესებად დარჩა, მათი პროდუქტები არ ხვდება Lyst Index -ის რეიტინგებში, ხოლო შემოსავალი არ აჭარბებს მილიარდს. ჯონათანის გენიალურობა მდგომარეობს მის განსაცვიფრებელ უნარში, შექმნას კონცეპტუალური, უცნაურად ლამაზი და სასაცილო კოლექციები, იმგვარად რომ ბრენდს შეუნარჩუნოს ყოველდღიურად ჩაცმადი მოდის სახლის იმიჯი.
მან იპოვა ბალანსი არა მხოლოდ ხელოვნებასა და მოდას, არამედ ლამაზსა და შეუხედავს, სასაცილოსა და ირონიულს შორის. მისი არაორდინალური დიზაინები ხშირად იწვევს დაბნეულობას და კრიტიკას, მაგრამ ჯონათანი მუდმივად ამტკიცებს, რომ მიუხედავად ირონიული განაცხადებისა, იგი აფასებს ტანსაცმლის შექმნის უმაღლეს ფორმასა და ხარისხს. ცოდნა და ოსტატობა, რომელიც მისი კოლექციებიდან გამოსჭვივის უპირატესობას ანიჭებს კრეატიულობას და ექსპერიმენტებს, იმგვარად, რომ არასდროს ლახავს თანამედროვე კულტურისა და მორალის საზღვრებს.
და რაც მთავარია, იგი ფიქრობს ჩარჩოებს მიღმა, მოდის იმ კონკრეტულ ეპოქაში, როდესაც ეს მიღებული და დაფასებული არ არის, მეტიც, ხშირად – საშიშიც კი შეიძლება იყოს.