კინოს ხანგრძლივი და თავბრუდამხვევი ისტორია არაერთი ისეთი ვარსკვლავის სახელს ინახავს, რომლებმაც ამ ინდუსტრიის სახე შექმნეს და სხვადასხვა დეკადის სიმბოლოდ იქცნენ. მაგრამ ცოტა თუ გაგვახსენდება ისეთი პერსონები, რომლებმაც გამოჩენისთანავე დაიპყრეს აუდიტორიის გული და საკუთარი თავისგან შექმნეს ისეთი ფენომენი, რომელიც აღარასდროს განმეორდება. გამორჩეული სტილით, გარეგნობით და ენერგეტიკით, ჯეიმს დინი იქცა იმ საკულტო სახედ, რომელსაც სულ სამი ფილმი დასჭირდა, რომ სამუდამო დიდება მოეპოვებინა.

1955 წელს, ჯეიმს დინი, დიდების მწვერვალზე მყოფი ახალგაზრდა და დაუმორჩილებელი ვარსკვლავი, ავტოკატასტროფაში ტრაგიკულად დაიღუპა. ამ დროს ის 24 წლის იყო.

ჯეიმს დინს ხშირად ადარებენ მერლინ მონროს. მონროს მსგავსად ჯეიმს დინსაც ჰქონდა ის შარმი, რომელმაც იმ დროისათვის არსებული სილამაზის სტანდარტები დაამსხვრია. საჯარო გამოჩენისთანავე ჯეიმს დინი იქცა მეამბოხედ, რომელიც თავისი იმიჯითა, თუ გემოვნებით რამდენიმე ათწლეულით წინ უსწრებდა იმ დროს, რომელშიც ის ცხოვრობდა. სიკვდილის შემდეგ, ჯეიმს დინი სტილის იმ ვარსკვლავად იქცა, რომელიც დროის და ეპოქების მიღმა არსებობს.

კადრი ფილმიდან East of Eden.1955 წელი.

ჯეიმს ბაირონ დინი 1931 წლის 8 თებერვალს, შეერთებულ შტატებში, ინდიანაში დაიბადა. ბავშვობიდანვე მას ხელოვნება იტაცებდა. ადრეული ასაკიდან დინი უკრავდა ვიოლინოზე, წერდა ლექსებს. ჯეიმს დინს მხოლოდ ერთადერთი ოცნება ჰქონდა – მსახიობი გამხდარიყო. ოჯახი კალიფორინიაში გადავიდა, რის შემდეგაც ჯეიმს დინის დედა კიბოს დიაგნოზით გარდაიცვალა. ამ დროს ჯეიმსი 9 წლის იყო. მამამ ის დეიდასთან საცხოვრებლად კვლავ ინდიანაში გაგზავნა, რის შემდეგაც მისი ბავშვობა საკმაოდ მელანქოლიური გახდა. რამდენიმე წელში, მოზარდი ჯეიმს დინი სკოლის თეთრის წრეს შეუერთდა. სკოლის პერიოდში ჯეიმს დინს კიდევ ერთი ახალი ჰობი გაუჩნდა – მოტოციკლეტის მართვა.

სკოლის დამთავრების შემდეგ, დინი კვლავ კალიფორნიაში მამასთან საცხოვრებლად გადავიდა. კინოინდუსტრიამ, რომელიც კალიფორნიაში ყვაოდა, ახალგაზრდა დინის ყურადღება მაშინვე მიიქცია. 1949 წელს დინი კალიფორნიაში მდებარე Santa Monica College-ში ჩაირიცხა და მამის თხოვნით, სწავლა იურიდიული მიმართულებით დაიწყო. მიუხედავად ამისა, ჯეიმს დინის ინტერესებისგან სამართლის შესწავლა შორს იყო, ამის ნაცვლად მან ამჯობინა კალიფორნიის უნივერსიტეტში სამსახიობო ხელოვნების კლასებსა და ვორკშოპებს დასწრებოდა. ჯეიმს დინს სურდა, სამსახიობო ოსტატობაში მეტად დახელოვნებულიყო, საკუთარი კარიერის ასაწყობად მეტი შესაძლებლობა ჰქონოდა, ამიტომ საცხოვრებლად ნიუ იორკში გადავიდა.

ჯეიმს დინი ფილმის Rebel Without A Cause გადასაღებ მოედანზე. 1955 წელი.

რეალობა, რომ მეგაპოლისში მსახიობის კარიერა აეწყო იმაზე რთული და შრომატევადი აღმოჩნდა, ვიდრე ახალგაზრდა დინს ჰქონდა წარმოდგენილი. მიუხედავად სირთულეებისა, დინი მსახიობ ლი სტრასბერგის ცნობილ “სამსახიობო სტუდიაში” მოხვდა. ეს სტუდია იმ დროისთვის ქვეყნის ყველაზე პრესტიჟულ სამსახიობო სკოლად მიიჩნეოდა. ამის შემდეგ დინი რამდენიმე სატელევიზიო შოუში და თეატრალურ სპექტაკლშიც დამტკიცდა როლზე.

პირველი მნიშვნელოვანი როლი დინმა ოსკაროსანი რეჟისორის, ელია კაზანისაგან მიიღო, როდესაც ფილმში East of Eden როლზე დამტკიცდა. გამოუცდელი ახალბედა მსახიობის როლზე დაკავება კაზანისათვის დიდი რისკი იყო, რომელმაც გაამართლა. ფილმში გამოჩენისთანავე, ჯეიმს დინი კინოს ვარსკვლავად იქცა და ოსკარის ნომინანტადაც კი დასახელდა.

ჯეიმს დინი ფილმის East of Eden გადასაღებ მოედანზე. 1954 წელი.

შემდგომი დიდი აღიარება ჯეიმს დინმა მოიპოვა თავისი მეორე ფილმით, სახელწოდებით Rebel Without a Cause, რომლის პრემიერაც 1955 წელს შედგა. 1956 წელს დინმა მონაწილეობა მიიღო ფილმში Giant, რამაც მსახიობი 50-იანი წლების ახალგაზრდა მეამბოხე თაობის სახედ აქცია

მიუხედავად იმისა, რომ ჯეიმს დინმა სამ ფილმში მონაწილეობა მოასწრო, მსახიობი მაშინ გარდაიცვალა, როცა მეორე და მესამე ფილმი ჯერ კიდევ არ იყო ეკრანებზე გამოსული.

დინი მშობლიურ შტატში – ინდიანაში დაკრძალეს.

ჯეიმს დინი ფილმის Rebel Without A Cause გადასაღებ მოედანზე. 1955 წელი.
ჯეიმს დინი ფილმის  East of Eden გადასაღებ მოედანზე. 1954 წელი.
1954 წელი.
1954 წელი.
ჯეიმს დინი ფილმის East of Eden გადასაღებ მოედანზე. 1954 წელი.
ჯეიმს დინი ფილმის Giant გადასაღებ მოედანზე. 1955 წელი.
1954 წელი.
Tags :