OTB-ის მხრიდან, რომელიც Maison Margiela-ს 2002 წლიდან ფლობს, დადასტურდა, რომ ჯანფრანკო ჯანანელი მოდის სახლში დაკავებულ აღმასრულებელი დირექტორის პოზიციას ტოვებს. როგორც ცნობილია, ამ თანამდებობაზე მუშაობას ის რამდენიმე კვირაში შეწყვეტს. გადაწყვეტილება საერთო შეთანხმების საფუძველზე იქნა მიღებული.

ჯანფრანკო Maison Margiela-ს გუნდს 2020 წელს შეუერთდა, სადაც თავისი ოჯახის კომპანია Gianangeli-დან გადავიდა. მას ფუფუნების სექტორში მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილება აქვს და სხვადასხვა რანგში ისეთ სახელგანთქმულ მოდის სახლებთან უთანამშრომლია, როგორებიცაა: Bottega Veneta, Prada და Givenchy.

Maison Margiela შემოდგომა 2023 © Gorunway.com / Vogue Runway

წელს OTB-ში მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებები განხორციელდა. თებერვალში თანამდებობა დატოვა Diesel-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ერალდო პოლეტომ. აღნიშნულ პოზიციას ის მხოლოდ შვიდი თვის განმავლობაში იკავებდა, მისი შემცვლელის ვინაობა კი კვლავ უცნობია. გარდა ამისა, თვის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ ლუკა ლო კურციო Jil Sander-ის აღმასრულებელ დირექტორად დაინიშნა. რაც შეეხება იმას, თუ ვინ შეცვლის Maison Margiela-ში ჯანფრანკოს, ამის შესახებ ინფორმაციის გავრცელება მომდევნო კვირების განმავლობაში არის მოსალოდნელი.