21 იანვარს,  Sundance Film Festival-ზე ბრუკ შილდსის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმი, სახელწოდებით Pretty Baby გამოვიდა. დოკუმენტური სურათი სტრიმინგ სერვის HULU-ს პროექტია და მისი სახელწოდება ემთხვევა 1978 წლის ჰოლივუდურ დრამას, რომელშიც მთავარ როლს სწორედ შილდსი ასრულებს. ფილმში მსახიობი თავის ადრეულ კარიერაზე საუბრობს. ვარსკვლავი აღწერს საზოგადოებისა და შოუ ბიზნესის ინდუსტრიის დამოკიდებულებას, რომელიც ქალებისა და მოზარდი გოგოების ობიექტად ქცევას გულისხმობს. 

HULU-ს დოკუმენტურ ფილმში ბრუკ შილდსმა სკანდალური ამბავი გაამხილა. მსახიობმა განაცხადა, რომ ახალგაზრდობაში ის გააუპატიურეს. თავდამსხმელის ვინაობა არ დაასახელა, თუმცა ამბის დეტალები გაიხსენა. როგორც შილდსმა აღნიშნა, ეს მაშინ მოხდა, როცა კოლეჯი დაამთავრა და სამსახიობო კარიერის აწყობას ცდილობდა.  ვარსკვლავის თქმით, სწორედ საქმეზე სასაუბროდ შეხვდა ერთ-ერთ კაცს, რომელმაც მასზე სექსუალურად იძალადა. 

„მან შემომთავაზა, რომ ტაქსი სასტუმროდან გამომეძახებინა.“  – მსახიობის თქმით, შემთხვევა სწორედ მოძალადის ნომერში მოხდა. როგორც ბრუკ შილდსი იხსენებს,  გაქცევა არ უცდია, რადგან შეშინებული იყო. 

„მეშინოდა, რომ ეს კიდევ დამატებით ფსიქოლოგიურ ტრავმას მომაყენებდა. მაშინ საკუთარ თავს ვუთხარი, რომ უბრალოდ ცოცხალი გადავრჩენილიყავი და იმ ოთახიდან გამეღწია. საკუთარ სხეულთან დისოციაცია შემეძლო. როცა ოთახიდან გამოვედი, ტაქსიში ჩავჯექი და მთელი გზა ვტიროდი.“ – ამბობს შილდსი. 

ბრუკ შილდსის კარიერა გასული საუკუნის 60-იან წლებში დაიწყო.ის პოპულარული იყო არამხოლოდ კინო, არამედ სამოდელო ინდუსტრიაში. ბრუკ შილდსს განსაკუთრებული წარმატება მოუტანა 1978 წლის ფილმმა, სახელწოდებით Pretty Baby, რომლის გადაღებების დროსაც, დაახლოებით 11  წლის იყო. ამ ფილმმა მსახიობი სექსუალურ კონტექსტში წარმოაჩინა. 1980 წელს გამოვიდა კიდევ ერთი ცნობილი ფილმი – The Blue Lagoon, რომელიც ასევე არაერთ თამამ სცენას შეიცავს.