ფრანგული მოდის სახლი Hermès-ი 2023 წელს ფასების 5-დან 10%-მდე ზრდას გეგმავს. მას შემდეგ, რაც წლის მესამე კვარტალში გაყიდვების ზრდა დაფიქსირდა, ბრენდში ინფლაციის შესაბამისად ფასების ზრდის შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს.

ამერიკელმა მყიდველებმა ევროპასა და აზიაში დოლარის გამყარებით ისარგებლეს და აქედან გამომდინარე, ამერიკის ბაზარზე ევროპულ ბრენდებზე, მათ შორის ერმესზეც, მოთხოვნა საგრძნობლადაა გაზრდილი.

“ჩვენ დიდი ალბათობით ფასებს 5-დან 10%-მდე გავზრდით,” განაცხადა ბრენდის ვიცე-პრეზიდენტმა Eric du Halgouet-მა რეპორტიორებთან საუბარში და ასევე აღნიშნა, რომ ეს წარმოების ხარჯების ზრდას და ინფლაციას უკავშირდება.

ერმესში, სადაც მომხმარებლებს თვეობით უწევთ ლოდინი 10 000$-იანი ჩანთების საყიდლად, ფასები საკმაოდ ნელ-ნელა იზრდებოდა, მაგალითისთვის წელს მხოლოდ 4%-იანი ზრდა იყო, ხოლო 1.5-2% წინა წელს. შედარებისთვის პანდემიის შემდეგ შანელში ფასები 10%+ გაიზარდა.

2023 წლის პირველ ნახევარში ბრენდი ასევე სამუშაო ძალის გაფართოებასაც გეგმავს – 800 ახალ თანამშრომელთან ერთად კომპანიაში მომუშავე ყველა თანამშრომელს ივლისის შემდეგ ხელფასებიც გაეზრდებათ.

წლის მესამე კვარტალი ბრენდმა მოსალოდნელზე უფრო დიდი შემოსავლით, 3.07$ მილიარდით დახურა, რაც 24.3%-იანი ზრდაა. მხოლოდ ჩინეთსა და აზიაში 34%-იანი ზრდის დინამიკაა.