Donyale Luna: Supermodel – ასე ჰქვია HBO-ს ახალ დოკუმენტურ ნამუშევარს, რომელიც 60-იანი წლების ცნობილი მოდელის, დონიალ ლუნას ისტორიას გვიყვება. ლუნა პირველი ფერადკანიანი მოდელია, რომელიც მოდის წამყვანი ჟურნალების, Harper’s Bazaar-ის და Vogue-ის გარეკანზე გამოჩნდა. მიიჩნევა, რომ ის არის მოდელი, რომელმაც მოდის ინდუსტრიაში იმ დროს არსებული რასისტული ბარიერები, სილამაზის სტანდარტები და სტერეოტიპები დაძლია. დონიალ ლუნა 33 წლის ასაკში გარდაიცვალა, თუმცა თავისი კარიერით მან მოდის სამყაროში ისტორია შექმნა. 

დონიალ ლუნა 1963 წელს მოდის ფოტოგრაფმა, დევიდ მაკკეიბმა აღმოაჩინა და დაარწმუნა, რომ დეტროიტიდან მანჰეტენზე გადასულიყო. ამ დროს, კარიერის მწვერვალისაკენ მიმავალი გზა მხოლოდ თეთრკანიანი მოდელებისათვის არსებობდა, თუმცა ლუნამ შეძლო და პრეცედენტი შექმნა. მის კარიერაში ყველაზე დიდი მომენტი 1966 წელს დადგა, როცა Vogue-ის ყდაზე გამოჩნდა. ამერიკაში მიღწეული წარმატების  პარალელურად, დონიალ ლუნას დისკრიმინაციასთან დაპირისპირება გამუდმებით უწევდა – განსაკუთრებით ევროპაში, სადაც რასიზმი მეტად მწვავედ ვლინდებოდა. 

დონიალ ლუნა 1979 წელს რომში 33 წლის ასაკში გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი ჰეროინის ზედოზირება იყო. 

მიუხედავად თავისი პრეცედენტული მიღწევებისა, დონიალ ლუნასთან დაკავშირებული არაერთი მოვლენა სათანადოდ არ არის წარმოჩენილი, სწორედ მისი პერსონის მსოფლიოსათვის შეხსენებას ისახავს მიზნად HBO-ს დაანონსებული დოკუმენტური ფილმი. Donyale Luna: Supermodel სტრიმინგ სერვის HBO Max-ზე 13 სექტემბერს გამოვა.