ცოტა ხნის წინ მედიაში გავრცელდა ცნობები, რომ HBO-ს გახმაურებული სერიალი The Idol მეორე სეზონით აღარ დაბრუნდება. ამის მიზეზად უარყოფითი შეფასებები სახელდებოდა.
გავრცელებულ სტატიებს HBO გამოეხმაურა და ეს ინფორმაცია უარყო. „ვრცელდება არასწორი ხმები, რომ The Idol -ის მეორე სეზონთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მივიღეთ. ეს ასე არ არის“ – ნათქვამია HBO-ს განცხადებაში.
Page Six სტატიაში წერდა, რომ შოუს იდეის ავტორი და თანაავტორი The Weeknd არ აპირებდა სერიალის მეორე სეზონით გაგრძელებას, მიზეზი კი, თავისი და ლილი როუზ-დეპის გმირის სექსის სცენა იყო, რომელსაც სოციალურ ქსელში დიდი კრიტიკა მოჰყვა.
THE IDOL-ის პრემიერა 2023 წლის 4 ივნისს, HBO Max-ზე შედგა. სერიალში მთავარ როლებს ლილი-როუზ დეპი და The Weeknd ასრულებენ. დეპი პოპ ვარსკვლავს განასახიერებს, ხოლო The Weeknd-ს მაყურებელი კულტის ლიდერის როლში იხილავს. THE IDOL-ის რეჟისორი სემ ლევინსონია. THE IDOL-ში მონაწილეობს ცნობილი კორეული ჯგუფის, BLACKPINK-ის წევრი ჯენიც. ვარსკვლავისთვის ეს სამსახიობო დებიუტია.