HBO-მ სერიალ „ეიფორიას“ ახალი სეზონის პირველი სრული ტრეილერი გამოაქვეყნა. გავრცელებული ტრეილერიდან ვიგებთ, რომ მეორე ნაწილში, უკვე ნაცნობი გმირების ისტორიის საინტერესო განვითარებასთან ერთად, ახალ პერსონაჟებსაც ვიხილავთ.
EUPHORIA-ს პრემიერა 2019 წელს შედგა. სამი ემის მფლობელი პროექტი აქამდე გადაღებული თინეიჯერული დრამებისაგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. სიუჟეტი ფოკუსირდება ისეთ საკითხებზე, როგორიც არის: ბულინგი, დამოკიდებულება, ახალგაზრდების მენტალური ჯანმრთელობა, სექსუალური იდენტობა, ქვიარ თემის ყოველდღიურობა თანამედროვე ამერიკულ საზოგადოებაში და ასე შემდეგ.
მთავარი გმირი სახელად რუ ნარკოდამოკიდებულია, მის როლს ახალი თაობის ამომავალი ვარსკვლავი ზენდეია ასრულებს. ზენდეიას პარტნიორობას ტრანსგენდერი მოდელი და მსახიობი ჰანთერ შაფერი უწევს.
EUPHORIA-ს მეორე სეზონს 2022 წლის 9 იანვარს ვიხილავთ.