24-დან 27 იანვრის ჩათვლით ოტ კუტიურ მოდის კვირეული ჩატარდება. ღონისძიება შერეული – ციფრული და ფიზიკური – ფორმატით გაიმართება.
ოფიციალური განრიგი
© FHCM
Fédération de la haute couture et de la mode-ს გავრცელებული განრიგის თანახმად, ოტ კუტიურ მოდის კვირეულის 2022 წლის გაზაფხული/ზაფხულის სეზონის ფარგლებში კოლექციებს 31 მოდის სახლი წარადგენს. პირველი ბრენდი, რომლის კოლექციასაც ვიხილავთ არის Schiaparelli, რომელიც ბოლო რამდენიმე სეზონია განსაკუთრებულ მღელვარებას იწვევს.
განრიგში კვლავ გვხვდება ისეთი მნიშვნელოვანი სახელები, როგორებიცაა: Christian Dior, Chanel, Valentino და Fendi, რომლისთვისაც კიმ ჯონსი თავის მორიგ ოტ კუტიურ კოლექციას კვირეულის ბოლო დღეს აჩვენებს. თუმცა არ გვხვდება Maison Margiela და გასული სეზონის ხმაურიანი დებიუტანტი Pyer Moss, რომლის პირველმა ოტ კუტიურ კოლექციამაც განსხვავებული, მაგრამ უმეტესად დადებითი შეფასებები მიიღო.
26 იანვარს ვიხილავთ მეორე დიზაინერის კოლაბორაციას Jean Paul Gaultier-ის მოდის სახლთან – Glenn Martens-ის დიზაინ ფოლოსოფიისა და საკულტო ფრანგული ბრენდის კოდების გაერთიანებას. ღონისძიება ოტ კუტიურ კვირეულის ახალი მიწვეული წევრი ბრენდის, 1993 წელს იულია იანინას მოსკოვში დაარსებული Yanina Couture-ის პრეზენტაციით დაიხურება.