ის, რაც დღეს ყველაზე ძვირადღირებული იტალიური ბრენდის სახელითაა ცნობილი, სამგზავრო ჩანთების მცირე წარმოებით დაიწყო.
Gucci 1921 წელს, ფლორენციაში, გუჩიო გუჩიმ შექმნა. 40 წლის გუჩიო გუჩიმ საკუთარი ბრენდის დაარსება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ახალგაზრდობის დიდი ნაწილი ძვირადღირებული იტალიური ტყავის მწარმოებელ კომპანიებში, სხვადასხვა თანამდებობებზე, გაატარა. Louis Vuitton-ის და Burberry -ის მსგავსად, თავდაპირველად, გუჩიმაც სახელი ერთი პროდუქტის წარმოებით გაითქვა. ეს გახლდათ სამგზავრო ჩანთა მდიდარი იტალიელებისთვის, რომლებიც ხშირად მოგზაურობდნენ.
ძვირადღირებული სამგზავრო ჩემოდნების მიმართ გუჩიოს ინტერესი მაშინ გაუჩნდა, როდესაც ლონდონში, სასტუმრო “Savoy Club” -ში, შვეიცარად მუშაობდა. ახალგაზრდა გუჩი ხშირად აკვირდებოდა სტუმრების ჩაცმის სტილს და მათ შეუცვლელ აქსესუარს-სამგზავრო ჩანთას. რამდენიმე წელში, იტალიელი ლონდონიდან მშობლიურ ფლორენციაში, საკუთარ მიზნებში გაცნობიერებული და დარწმუნებული დაბრუნდა.
გუჩიმ მუშაობა დაიწყო ფლორენციაში მდებარე იტალიური ჩანთების და ჩემოდნების მწარმოებელ კომპანიაში, Franzi-ში, სადაც დაეუფლა მაღალი ხარისხის ტყავის წარმოების ტექნიკას. 1921 წლისთვის, როდესაც გუჩიმ საკუთარი ბრენდი შექმნა, მას სამგზავრო ჩანთებზე და ტყავზე მუშაობის თითქმის 15 წლიანი გამოცდილება ჰქონდა.
ხარისხიანი ნივთების შექმნის გამოცდილებას დაემატა გუჩის გამორჩეული ინდივიდუალური სტილი და გემოვნება. შედეგმაც არ დააყოვნა და ძალიან მალე ბრენდი “Gucci” ტყავისგან დამზადებული ძვირფასი სამგზავრო ჩანთების სინონიმად იქცა. გუჩიოს კლიენტების რიგებს შეუერთდნენ არა მხოლოდ იტალიელები, არამედ საერთაშორისო მყიდველები, იმ ეპოქის ვარსკვლავები ევროპის მდიდარი და გავლენიანი წრეებიდან.
1938 წელს, გუჩიომ ბიზნესში თავისი სამი ვაჟი, ალდო, ვასკო და როდოლფო ჩართო, რათა ბრენდი კიდევ უფრო განვითარებულიყო. მიზანი „გუჩის“ საწარმოების რომში და მილანში გახსნა იყო, რაც 1940-იან წლებში შესაძლებელი გახდა.
Aldo Gucci Gucci
ერთი შეხედვით, ყველაფერი წინასწარ კარგად გაწერილი გეგმის მიხედვით ვითარდებოდა, თუმცა მეორე მსოფლიოს ომის დასრულების შემდეგ, იტალიაში ტყავის წარმოებაზე და იმპორტზე დაწესებული შეზღუდვების გამო, “Gucci”-ის სტაბილური მომავალი საფრთხის წინაშე დადგა. შექმნილმა კრიზისმა ბრენდის დამფუძნებლებს ახლებურად ფიქრი აიძულა, რაც საბოლოოდ, საკულტო მონოგრამის და პრინტის შექმნით დასრულდა.
ტყავის წარმოების შეფერხებიდან გამომდინარე, ალდო და როდოლფო აქტიურად მუშაობდნენ ახალი პროდუქტის შექმნაზე, რომელსაც „გუჩი“ მოსალოდნელი ფინანსური პრობლემებისგან უნდა ეხსნა. სწორედ ამ პერიოდში შედგა დებიუტი გუჩის საკულტო “ორმაგი G“ ლოგოსი, რომელიც ეძღვნებოდა ბრენდის დამფუძნებელს, გუჩიო გუჩის და რომელიც მოგვიანებით იქცა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ მონოგრამად.
ახალ ლოგოსთან ერთად, 1950-იანი წლების დასაწყისში, ძმებმა წარადგინეს მწვანე და წითელი ფერისგან შემდგარი „გუჩის“ ცნობილი პრინტი. ამგვარად, ბრენდის ისტორიაში ახალი და ძალიან მნიშვნელოვანი თავი დაიწყო – „გუჩის“ ოქროს ხანა, რომელმაც უდიდესი როლი ითამაშა ამ მოდის სახლის გლობალურ ფენომენად ქცევაში.
1953 წელს გუჩიო გუჩი გარდაიცვალა. მამის დატოვებული მემკვიდრეობმა შვილებმა განსხვავებული მიმართულებით განავითარეს, გაყიდვაში გამოჩნდა Gucci -ის სათვალეები, შარფები, პალტოები. 1960-იანი წლების დასაწყისში, Gucci-ის მაღაზიები არა მხოლოდ ევროპის ყველაზე დიდ ქალაქებში, არამედ ოკეანის მიღმა, ნიუ-იორკშიც ფუნქციონირებდა. 60-იან წლებს და ამერიკას უკავშირდება იტალიური ბრენდის ყველა დროის ყველაზე ცნობილი ჩანთის მოდელის, Jackie-ის კულტის შექმნაც.
მიუხედავად იმისა, რომ ჩანთის დიზაინი 1950-იან წლებში შეიქმნა და მისი თავდაპირველი სახელწოდება “Constance” იყო, აქსესუარმა საერთაშორისო პოპულარობა 1961 წელს მოიპოვა, როდესაც ამ ჩანთით ჟაკლინ “ჯეკი” კენედი საზოგადოების წინაშე გამოჩნდა. აშშ-ის პირველი ლედის პატივსაცემად, აქსესუარს თავდაპირველი სახელი “Jackie”-ით შეუცვალეს. დღემდე “Jackie 1961” მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი, ძვირადღირებული და საკულტო აქსესუარია, რომლის ფლობაც, ხშირად, პიროვნების სტატუსის განმსაზღვრელიც კი არის.
Jacqueline “Jackie” Kennedy Jackie 1961
1970-იანებში ბრენდის ცნობადობა გაიზარდა აზიაში, გუჩის პირველი მაღაზია გაიხსნა ტოკიოში, თუმცა ძმებს შორის არსებულმა კონფლიქტმა საერთაშორისო მედიის და მყიდველების ყურადღება მიიქცია. ოჯახურმა სკანდალებმა, გავლენის და ქონებისთვის ბრძოლამ „გუჩის“ რეპუტაცია სერიოზულად დააზიანა და საბოლოოდ, ბრენდი გაკოტრებამდე მიიყვანა. მაშინ, არიციო გუჩი, როდოლფო გუჩის ვაჟი და დამფუძნებლის, გუჩიოს შვილიშვილი, იძულებული გახდა ბრენდის შემოქმედებით მართვა ოჯახის გარე პირისთვის მიენდო.
1988 წელს, „გუჩის“ კრეატიულ დირექტორად დონ მელო დასახელდა, ნიუ-იორკის ცნობილი სავაჭრო სივრცის, Bergdorf Goodman-ის პრეზიდენტი. მელო „გუჩიში“ თავისი გუნდით მივიდა, მან 3 დიზაინერი წარადგინა: რიჩარდ ლამბერსტონი, ნეილ ბარეთი და ტომ ფორდი. მიუხედავად იმისა, რომ დონს იტალიურ ბრენდში ამბიციური გეგმები ჰქონდა, ძალიან მალე, შესამჩნევი გახდა, რომ მყიდველისთვის მისი კოლექციები სასურველი არ იყო. გაკოტრების პირას არსებული ბრენდის გაყიდვები, გაუმჯობესების ნაცვლად, იკლებდა, რასაც ემატებოდა ოჯახური სკანდალები, ამჯერად, ბრენდის დამფუძნებლის, გუჩიო გუჩის შვილიშვილის, მაურიციო გუჩის ქორწინების გარშემო.
მაურიციო გუჩის სკანდალური ქორწინება და მკვლელობა გახლავთ გახმაურებულად დაანონსებული ახალი ფილმის, House of Gucci -ის მთავარი თემა. მაურიციოს მკვლელობაში ბრალდებულად პოლიციამ გუჩის ცოლი, პატრიცია რეჯიანი დააკავა, რამაც კიდევ უფრო დიდი ზიანი მიაყენა Gucci -ის იმიჯს და სახელს. დონ მელომ დაკავებული თანამდებობა დატოვა და ბრენდის მომავალი გაურკვეველი გახდა. ერთ დროს სახელგანთქმული და პრესტიჟული კომპანია იქცა გაკოტრებულ ბრენდად, რომელთან ასოცირებაც არავის სურდა.
გაკოტრებული და იმიჯ შელახული, სწორედ ასეთი იყო Gucci, როდესაც დონის გუნდის დიზაინერი, ტომ ფორდი კრეატიულ დირექტორად დაინიშნა. აღსანიშნავია, რომ ტომის დანიშვნას წინ უძღოდა ჩაშლილი მოლაპარაკებები 1990-იანი წლების ცნობილ დიზაინერებთან. „როდესაც ჩემს კოლეგებს ვუთხარი, რომ იტალიაში ვაპირებდი დარჩენას და Gucci -ში მუშაობას, ყველამ მითხრა, რომ ეს შეცდომა იყო,“ -იხსენებს ფორდი.
არავინ არაფერს ელოდა, როდესაც ახალგაზრდა ტომ ფორდმა, ჩაბნელებულ სივრცეში, ერთადერთი პროჟექტორის შუქის ქვეშ, მწვანე მოჰერის ქურთუკში, იმავე ფერის აბრეშუმის პერანგში, ლურჯი ხავერდის შარვალსა და ლოუფერებში გამოწყობილი ამბერ ვალეტა გუჩის პოდიუმზე გამოუშვა. ყველა ლოგიკური და რაციონალური პროგნოზით, ეს უნდა ყოფილიყო დიდი ჩავარდნა, კიდევ ერთი უკან გადადგმული ნაბიჯი, რომელიც საბოლოოდ, წერტილს დაუსვამდა „გუჩის“ ისტორიას, თუმცა სასწაულები იშვიათად, მაგრამ მაინც ხდება – 1995 წელს მოდის ინდუსტრიამ მორიგი სასწაული იხილა. ჩვენებაზე შეკრებილი საზოგადოება ახალი ვარსკვლავის დაბადების, მისი ინოვაციური, პროვოკაციული და გამორჩეული ხედვის პირველი გამოვლინების მოწმე გახდა.
Gucci 1995 Tom Ford
ტომ ფორდმა შეცვალა „გუჩი“ და მოდა 90-იანების მიწურულს და მსოფლიოს ყველაზე სასურველ დიზაინერად იქცა. 1999 წელს, ხელახალი დიდებისკენ მიმავალ გზაზე, Gucci -ის 42% წილი ფრანგმა ბიზნესმენმა, ფრანსუა პინომ 3 მილიარდ დოლარად შეიძინა. ფორდს და პინოს შორის დაპირისპირება თავიდანვე შესამჩნევი გახდა, თუმცა 2004 წლამდე, ტომი ინარჩუნებდა Gucci Group-ის აღმასრულებელი და შემოქმედებითი დირექტორის თანამდებობას.
2004 წელს ფრანსუამ ბრენდის საკონტროლო წილი შეიძინა, რასაც მოჰყვა ტომ ფორდის გადადგომა. გუჩის ახალი სიცოცხლე, ფორდის გარეშე, მონოტონური და ერთფეროვანი გახდა. შემოქმედებითი დირექტორი, ფრიდა ჯანინი ფრთხილად მიჰყვებოდა ტომის დატოვებულ კოდებს. ასე გაგრძელდა თითქმის 11 წელიწადი, სანამ 2015 წელს, ფრიდამ ბრენდიდან წასვლის გადაწყვეტილება არ მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ ჯანინის 11 წლიანი მმართველობა პროგნოზირებადი და ნაკლებად ამაღელვებელი იყო, ის გუჩისთვის სტაბილურობის ერთ-ერთ გარანტს წარმოადგენდა.
2015 წელს, Gucci -ის აღმასრულებელი დირექტორი, მარკო ბიზარი დილემის წინაშე იდგა, მას ან ძალიან ცნობილი დიზაინერი უნდა აერჩია, ან გაერისკა და უცნობი ადამიანისთვის ენდო ბრენდი. მარკო რისკზე წავიდა და ბრენდის შემოქმედებითი ხელმძღვანელის თანამდებობაზე ფრიდა ჯანინის უცნობი ასისტენტი, ალესანდრო მიკელე წარადგინა. ამ გადაწყვეტილებით, წესების დამრღვევი, პროვოკაციული, საინტერესო და ინდივიდუალური Gucci მოდის ეპიცენტრს დაუბრუნდა. თითქმის 11 წლიანი სიჩუმის შემდეგ, გუჩი ისევ გახდა მოდაში მთავარი განხილვის საგანი.
Alessandro Michele & Marco Bizzarri
ალესანდროს დებიუტი 2015 წლის მამაკაცის კოლექციის შემოდგომა/ზამთრის სეზონზე შედგა. ამ ერთი ჩვენებით მიკელემ მოდის სახლის ნორმები სრულიად შეცვალა: პოდიუმზე უცნაური, არასტანდარტული გარეგნობის მქონე მოდელები უნისექს, ვინტაჟური სტილის სამოსით წარმოადგინა, რაც ტომ ფორდისა და ფრიდა ჯანინის ესთეტიკისგან სრულიად განსხვავდებოდა. მიკელეს შესაძლებლობებმა, აღეძრა სურვილი მომხმარებელში და შეეცვალა მოდის სასაუბრო ენა, მარკო ბიზარის რისკი გაამართლა. გუჩის გაყიდვები თითქმის გასამმაგდა და 10 მილიარდ ევროს მიაღწია.
სწორედ ალესანდრო მიკელეს შემოქმედებითი ხელმძღვანელობით, წელს ბრენდმა 100 წლის იუბილე აღნიშნა. 2021 წლის 15 აპრილს, Gucci -ის ახალი კოლექციის პრეზენტაცია ციფრულად გაიმართა. ჩვენებაში არაერთი დასამახსოვრებელი დეტალი იყო, მათ შორის კოლაბორაცია Balenciaga-სთან და წარწერა “Savoy Club” – იმ სასტუმროს სახელწოდება, სადაც გუჩიო გუჩი მუშაობდა.
2021 წლის მონაცემებით, Gucci ყველაზე ძვირადღირებული იტალიურ ბრენდად არის პოზიციონირებული. მოდის სახლს ფრანგული კონგლომერატი, Kering ფლობს, რომლის სათავეში კვლავ ფრანსუა პინო დგას.