„მე მე ვარ, ის ის არის, გარდა იმ შემთხვევისა, როცა თავს ვაჩვენებ, რომ ის ვარ. და როცა ერთმანეთს ვანაცვლებთ, თქვენ ვერ ხვდებით ვინ რომელი ვართ. არ იცით ვის ელაპარაკებით, რადგან ჩვენ იდენტური … იდენტური ტყუპები ვართ!“
– მერი-ქეით და ეშლი ოლსენები, „იდენტური ტყუპები“

კეთილი იყოს თქვენი მომბრძანება „გუჩი თვინსბურგში!“ აქ სივრცე მარკ პეკმეზიანის გადაღებული ტყუპების ფოტოებით გაფორმებული დაგხვდებათ. გაიგონებთ მერიან ფეითფულის გაჟღერებულ „იდენტურ ტყუპებს“ და თქვენ წინაშე 68 ერთნაირად შემოსილი ტყუპი წარსდგება. 

© Vogue Runway

2022 წლის მეთ გალას ღონისძიებაზე, Gucci-ის კრეატიულმა დირექტორმა ალესანდრო მიკელემ მსახიობის და მუსიკოსის, ჯარედ ლეტოს, ტყუპი განასახიერა. მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცოდით რა იქნებოდა იტალიური მოდის სახლის 2023 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციის ჩვენების კონცეფცია და რომ მასზე მინიშნება ჩვენ თვალწინ იყო.

ალესანდროს ტყუპების მიმართ თვალსაჩინო ინტერესი პირადი ისტორიიდან მომდინარეობს. დედამისს იდენტური ტყუპი და ჰყავდა. „მე ორი დედის შვილი ვარ – დედა ერალდას და დედა ჯულიანას,“ – აღნიშნავს დიზაინერი ჩვენების ჩანაწერებში. „ისინი ერთნაირ სხეულში ცხოვრობდნენ. იგივენაირად იმოსებოდნენ და ივარცხნიდნენ თმას. ერთმანეთის მაგიურ ანარეკლს წარმოადგენდნენ. ერთი მეორეს ამდიდრებდა. ასეთი იყო ჩემი სამყარო, იდეალურად ორმაგი და გაორებული.“

კოლექციაში წარმოდგენილი იყო „გრემლინებიდან“ გიზმოს ფორმის აქსესუარები; სამოსი გაფორმებული სიტყვა „Fuori“-ით (იტალიურად „გარეთ“) – ასე ეწოდებოდა იტალიაში 1971 წელს დაარსებულ სექსუალური განთავისუფლებებისთვის მიძღვნილ პირველ ყოველთვიურ ჟურნალს; რეფერენსები მოდის სახლის არქივიდან, სხვადასხვა კულტურისთვის დამახასიათებელი ელემენტები და ჰოლივუდური გლამური, რომელიც მიკელემ თავისი ხედვით კვლავ შემოგვთავაზა. შოუზე ყველა დეტალი სარკის ეფექტით ვიხილეთ – ერთი და იმავე სამოსი და აქსესუარები, თმა და მაკიაჟი ორ მსგავს, მაგრამ სხვადასხვა სხეულზე.

ჩვენების დასასრულს, ტყუპების შემდეგ, აუდიტორიის წინაშე ალესანდრო წარსდგა. *სპოილერი! მასთან შესახვედრად მეორე მხრიდან ჯარედ ლეტო აღარ გამოსულა.

ჩვენების ჩანაწერი

Tags :