დიორის მამაკაცის ხაზის წინა-საშემოდგომო კოლექციის ჩვენება კიმ ჯონსმა ეგვიპტეში, გიზის პირამიდების ფონზე მზის ჩასვლის შემდეგ გამართა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენება გასული წლის დეკემბერში ჩატარდა, ბრიტანელი დიზაინერისთვის პირამიდების თემატიკა კვლავ აქტუალურია და ამჯერად ისინი ამავე კოლექციის კამპანიის მთავარი სიუჟეტური ხაზია.

მოდელები ჰაზემ მოჰამედ ალი, დარა გუეიე, ვიკტორ კრომი, ლორის მოინი და იანგ ჰაო ძველი ეგვიპტის მსოფლიო საოცრების ფონზე, ფოტოგრაფ რაფაელ პავაროტის ობიექტივში პოზირებენ. მოინი კვლავ მოყვითალო ქერა თმით წარსდგა კამპანიაში, ისევე, როგორც ის ჩვენებაზე ვიხილეთ. მისი ვარცხნილობა სტინგის პერსონაჟითაა შთაგონებული, დევიდ ლინჩის 1984 წლის ფილმიდან “დიუნი”. აღსანიშნია, რომ კოლექციის უმეტესობა სწორედ აღნიშნული ეკრანიზაციის ფუტურისტული ესთეტიკითაა შთაგონებული.

კამპანიის კრეატიული ხელმძღვანელი რუნი ქუკ ნიუჰაუსია, ხოლო სტილისტები მელანი უორდი და ელი გრეის ქამინგი. კამპანიის ფარგლებში გადაღებული ვიდეოს ავტორი ფრანკ ლებონია, ვიზანისტი – პიტერ ფილიპსი, ხოლო თმის სტილისტი – გვიდო პალაუ.