ჟივენში და დისნეი ახალი კაფსულა კოლექციისთვის გაერთიანდნენ – დისნეის კომპანიის 100 წლისთავისა და ჩინური ახალი წლის აღსანიშნავად. 2023 წელი ჩინური კალენდრით კურდღლის წელია, შესაბამისად ფრანგულმა მოდის სახლმა ოსვალდი, იღბლიანი კურდღელი დისნეის საცავებიდან “გააცოცხლა” და კვლავ დაუბრუნა პოპ-კულტურას. პერსონაჟი ვოლტ დისნეიმ თავისი სტუდიის არტისტებთან ერთად შექმნა და ის პირველი ანიმაციური პერსონაჟია დისნეის ისტორიაში.
ჟივენშის კრეატიულმა დირექტორმა მეთიუ უილიამსმა ოსვალდის შთაგონებით უნიკალური კაფსულა კოლექცია შექმნა, რომელიც თავად პერსონაჟის მსგავსად, მხიარული და თავგადასავლებით სავსეა.
კოლექციის კამპანია უოლტ დისნეის ანიმატორებმა და ფოტოგრაფმა/კრეატიულმა დირექტორმა ჯულიან კლინჩევიჩმა შექმნეს. მოკლემეტრაჟიანი ნახევრად ანიმაციური ფილმი, რომელშიც მადელეინ პეში, ემბერ ლიუ და ალტონ მეისონი მონაწილეობენ, მთავარი გმირებისა და იღბლიანი კურდღლის თავგადასავლებით სავსე მოგზაურობაზე გვიყვება, ლოს ანჯელესიდან შანხაიში, ნიუ-იორკში, ტოკიოსა და პარიზში.