ახლა ბალენსიაგას ჰუდი ძაღლსაც აცვია და ეს ვირტუალურ სამყაროში ხდება.
Balenciaga გახდა პირველი მაღალი მოდის ბრენდი, რომელმაც Epic Games-ის Fortnite-თან ითანამშრომლა. თუმცა ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა მნიშვნელოვანი მოდის სახლი მოთამაშეების სამყაროში ჩნდება. 2019 წელს, Louis Vuitton x League Of Legends-ის გამოსვლის შემდეგ, მოდის კარები ვირტუალური პერსონაჟებისთვისაც გაიხსნა. მას შემდეგ ახალი მიზნობრივი სეგმენტი აღმოაჩინეს ისეთმა ბრენდებმაც, როგორებიცაა – Gucci და Burberry.
ბალენსიაგას მოდის სახლმა Epic Games-თან უკვე მეორედ ითანამშრომლა. პირველად მათი კოლაბორაცია 2020 წლის დეკემბერში გამჟღავნდა, როდესაც ბრენდმა ახალი კოლექცია ვიდეო თამაშით წარადგინა. “Afterworld : The Age of Tomorrow” ამბიციური და ინოვაციური პროექტი იყო, რომელიც მრავალი გამოწვევის მიუხედავად, შეიძლება წარმატებით განხორციელებულად ჩაითვალოს.
ამჯერად დემნა გვასალიას დიზაინით შექმნილ ნამუშევრებში პუპულარულ თამაშ Fortnite-ს გმირები – Doggo, Ramirez, Banshee და Knight – გვევლინებიან. მოთამაშეებს ხელმისაწვდომ ფასად შეეძლებათ ოთხიდან სასურველი ლუქის შეძენა და მათთვის შესაბამისი აქსესუარების შერჩევა.
© Epic Games
გარდა ვირტუალური კოლექციისა, ბალენსიაგა თამაშის მოყვარულებს საშუალებას აძლევს თავადაც ჩაიცვან Fortnite x Balenciaga-ს კოლაბორაციის ფარგლებში შექმნილი რეალური სამოსიც, რომელიც უკვე გაყიდვაშია და მოიცავს: მაისურებს, ჰუდებს, კეპებს, პერანგებსა და ქურთუკებს. ფასები 395-დან 1290 დოლარამდე მერყეობს.
Fortnite x Balenciaga-ს მარკეტინგული კამპანია მასშტაბური იქნება. მის შესახებ უამრავი ადამიანი ისეთ ქალაქებში განთავსებული ბილბორდებიდანაც გაიგებს, როგორებიცაა – ნიუ-იორკი და ტოკიო.
© Balenciaga
Fortnite კულტურულ ფენომენად იქცა მას შემდეგ, რაც 2017 წელს გამოვიდა და ამ ხნის განმავლობაში მსოფლიოს მასშტაბით დაახლოებით 400 მილიონი ადამიანის ყურადღება მიიპყრო.
Balenciaga-ს ისტორია 1917 წელს ესპანეთში იწყება, როდესაც მისმა დამფუძნებელმა კრისტობალ ბალენსიაგამ პირველი მაღაზია გახსნა. მოდის სახლს ახლა მსხვილი ფრანგული კომპანია Kering ფლობს, შემოქმედებითად კი ქართველი დიზაინერი დემნა გვასალია ხელმძღვანელობს.
კოლაბორაციის პრომო ვიდეოს მუსიკალურად დემნას მეუღლის, ფრანგი მუსიკოსის, ლოიკ გომეზის (BFRND), ნამუშევარი – “French Connection” აფორმებს.