ბიზნეს გამოცემა Forbes-ის ახალი მონაცემებით, მოდის წამყვანი კონგლომერატის, LVMH-ის მფლობელის, ბერნარ არნოს ქონებამ 181, 6 მილიარდი დოლარი შეადგინა. ამ შედეგით, ის მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სიაში მეორე ადგილზეა. არნოს და მისი ოჯახის ქონებამ გადააჭარბა ტექნოლოგიური სექტორის ისეთ გიგანტი ბიზნესმენების ქონებას, როგორებიც არიან ბილ გეითსი, ილონ მასკი, მარკ ცუკერბერგი.

აღსანიშნავია, რომ არნო 2020 წელს მნიშვნელოვნად გამდიდრდა – კომპანიაში შემავალი ბრენდების ბრუნვამ და შემოსავალმა, გლობალური ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, იკლო. თუმცა ასეთ დროს, კომპანიის და შესაბამისად მისი წილის მფლობელების ქონება აქციების ფასზეა დამოკიდებული – 17%-ით შემცირებული შემოსავლისა და 28%-ით შემცირებული მოგების ფონზეც კი, LVMH-ის აქციების ფასმა საკმაოდ კარგი ნიშნული დაიკავა. ამის მიზეზი ბიზნეს სექტორში მოქმედი დაუწერელი კანონია – ფსონები სამომავლო პერსპექტივების გათვალისწინებით კეთდება, ინვესტორები კი, კონგლომერატის აქციების ფასის მნიშვნელოვნად გაზრდას და მსოფლიო ეკონომიკურ ბაზარზე პოზიციების კიდევ უფრო მეტად გამყარებას ვარაუდობენ.