წინა სეზონისგან განსხვავებით, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, Fashionholics Online x Ieri store – ის Public Talk ციფრულად გაიმართა. ახალ ფორმატში ჩვენი პირველი სპიკერები და-ძმა – ნინა და გიორგი ქებურიები იყვნენ. ისინი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ახალგაზრდა ქართული ბრენდის მიღმა დგანან და KEBURIA – ს ბიზნეს და შემოქმედებითი ლიდერის როლებს ითავსებენ.

ამონარიდები საუბრიდან, რომელიც უკეთ გაგვაცნობს ნინას და გიორგის, ბრენდ ქებურიას და მოდის ინდუსტრიასთან დაკავშირებულ გარკვეულ საკითხებს.

პანდემია, როგორც თვითგანვითარების საშუალება

გიორგი: „ჩემთვის მთავარი იყო ფსიქოლოგიურად მყარი და მენტალურად მდგრადი ვყოფილიყავი. იყო დრო, როცა საერთოდ ვერ ვაზროვნებდი, რადგან ხელი მეშლებოდა, არანაირი პირობა არ მქონდა, რომ მემუშავა ან რამე გამეკეთებინა. მაგრამ დროთა განმავლობაში, რაც უფრო გამარტივდა შეზღუდვები, დავიწყე ზუსტად მაგ კუთხით მუშაობა. ძალიან მომენატრა მუშაობა და იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან მოწყურებული ვიყავი, დავამატე მესამე სეზონი – Resort, რომელიც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, არა გაყიდვების კუთხით, არამედ უბრალოდ ჩემი თავი რომ დამემშვიდებინა და მიმხვდარიყავი, რომ მე არ გავჩერებულვარ, მე რაღაცას ვაკეთებ და განრიგში ვარ.“

სირთულეები მენეჯმენტის კუთხით

ნინა: „სირთულეები იყო მაშინაც, როცა ვიწყებდით და არის ახლაც. სირთულეები ბევრგან გვხვდება: საკმარისი კვალიფიციური კადრი, მაგალითად, ის, რომ საქართველო მაინც შორს არის მოდის ინდუსტრიის ცენტრალური ქალაქებიდან, ასე ვთქვათ, და ყოველთვის არის ლოჯისტიკური პრობლემა იმიტომ, რომ როცა გწერენ სტილისტები და სხვადასხვა სელებრითები, რომ უნდათ თუნდაც ტანსაცმლის გაგზავნა, ყოველთვის აწყდები იმ პრობლემას, რომ ხვალ უნდათ და ჩატანას უნდა მინიმუმ სამი-ოთხი დღე. ახლა მითუმეტეს, პანდემიიდან გამომდინარე ერთი-ორი კვირაა საჭირო. ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობაც ხელს გვიშლის რაღაც თვალსაზრისით. ასევე ძალიან ხშირად გვიწევს მასალის ჩამოტანა უცხოეთიდან. აქ არ არის ის მრავალფეროვნება, ტექსტილი, დეტალები, რაც გვჭირდება ყოველდღიური მუშაობისთვის.“

მოდაში კარიერის დაწყება

გიორგი: „ბავშვობიდან ვოცნებოდი ამ პროფესიაზე. მინდოდა ვყოფილიყავი ამ ყველაფრის მონაწილე. ზოგადად, მოდა ძალიან მაინტერესებდა. ყოველთვის ვცდილობდი ინფორმაცია მომეძიებინა და დროსთან მიმართებაში გამეგო რა ხდებოდა მოდის სამყაროში. უცბად გაჩნდა თბილისის მოდის კვირეული და ძალიან მომინდა მონაწილეობის მიღება. ატარებდნენ კონკურსს ახალბედა დიზაინერებისთვის, მივიღე მონაწილეობა და ამ კონკურსში გავიმარჯვე და ჩემთვის ეს ძალიან დიდი ნაბიჯი იყო. მას შემდეგ თითქმის არასდროს მოვშორებივარ ამ სფეროს და ყოველთვის, მიუხედავად პრობლემებისა, ვცდილობდი, რომ მყარად დავმდგარიყავი ფეხზე და უფრო მეტი გამეკეთებინა. მერე იყო სათვალეების ეპოქა, რომელმაც, ალბათ, ჩემი მთავარი წარმატება განაპირობა. გამოვუშვით Cat Eye, ვიწრო სათვალეები. ყველა სხვადასხვანაირ სახელებს არქმევდა ამ სათვალეებს, რომლებმაც უდიდესი პოპულარობა მოიტანა. პირველი მაღაზია, რომელმაც მოგვწერა Opening Ceremony იყო და მახსოვს, რომ არ მჯეროდა, სანამ არ გავაგზავნეთ და დადეს საიტზე მეგონა, რომ გააუქმებდნენ ამ შეკვეთას და უკან გამომიგზავნიდნენ.“

რიანა ქებურიას სათვალით

გიორგი: „რიანა ჩემთვის ყველაზე დიდი ვარსკვლავი იყო, რომელმაც ჩემი სათვალე გაიკეთა. რიანა საკმაოდ გავლენიანია, მასთან ძალიან ძლიერი სტილისტები მუშაობენ და Trend Setting-საც აკეთებდა მოდაში. ჩემთვის ძალიან სასიხარულო იყო, როდესაც Dazed-ის გამოცემაზე დავინახე.“

Rihanna by Harley Weir © Dazed

წარმოება

გიორგი: „წარმოებასთან დაკავშირებით სულ პრობლემებია, რადგან ქართული მოდა არ იყო მზად ასეთი ბიძგისთვის, რომელიც ბოლო წლებში იყო. ყველა ერთმანეთს ართმევდა მკერავებს, კონსტრუქტორებს და ა.შ. ომი იყო გადაბირებაზე, ვინ უფრო მეტს გადაიხდიდა და ასეთი რაღაცები ხდებოდა. ეს გასაგებიც არის, რადგან არ არსებობდა რაოდენობრივად პროფესიონალი კადრები და ყველას საუკეთესო უნდოდა თავისთან. გადამზადება დღესაც არ არსებობს. დღესაც გვიწევს რაღაცების გამოგონება, ტექნიკურად გამართვა, რასაც დრო სჭირდება და რესურსი. ჩვენ ახლა სულ შვიდნი ვართ, მაგრამ თუ დატვირთული მუშაობა გვიწევს, ვმუშაობთ ხოლმე საწარმოებთან ან აუთსორსზე. მაგალითად, სათვალეების წარმოება ჩინეთში გვაქვს და ა.შ.“

მასიურად დაკოპირებად ნივთზე საავტორო უფლებების მოპოვება

გიორგი: „დავა არ მქონია, ბევრჯერ გვიფიქრია, მაგრამ მივხვდით, რომ ვერაფერს გავაკეთებდით, რადგან თუ დეტალს ოდნავ მაინც ცვლი ზომაში ან ფორმაში, უკვე ეგ სათვალე სხვისია  და არა ჩემი. საბოლოოდ, ამ სათვალეზე საავტორო უფლებები მოვიპოვეთ, მაგრამ, სიმართლე გითხრათ, ვერაფერს გავხდით. სანამ დასტური მოგვცეს უკვე აზრი აღარ ჰქონდა, ყველა მაღაზიაში იყიდებოდა.“

ნინა: „როდესაც ჩვენი სათვალის პატენტი პირველად ვნახე, მე პირადად ძალიან ვინერვიულე. გიორგის უფრო სხვანაირი დამოკიდებულება აქვს. ამ ინდუსტრიაში ხშირია „დაფეიქება“ და, მიუხედავად იმისა, რომ ფორმა დავაპატენტეთ, ძალიან რთულია ამას ბოლომდე მისდიო. იურისტების მთელი გუნდი გჭირდება. უნდა დაამტკიცო რომ ორი მილიმეტრის სხვაობა, რაც სიტყვაზე იმან შეიტანა ფორმაში ან წერტილი დასვა ოდნავ სხვაგან, მაინც შენი დიზაინია და არა ახალი, უნიკალური დიზაინი. აქედან გამომდინარე, ბოლოს შევეშვით ამ თემას, რადგან ასეთ უცებ „გაჰაიფებას“ აუცილებლად მოჰყვება „გაფეიქებაც.“ უკვე შეგუებულები ვართ ამ ფაქტს.“

© Instagram / Keburia

წარმოების მასშტაბები

გიორგი: „ვაწარმოებთ შეკვეთიდან, ინტერესიდან გამომდინარე. დავუშვათ, მაღაზია რამდენს გიკვეთავს. შეიძლება იყოს ერთი კონკრეტული ნივთი, რომელიც ყველა ბაიერის ფავორიტი აღმოჩნდეს და რაოდენობრივად ძალიან დიდი იყოს. ასეთ შემთხვევევბში წარმოება, რა თქმა უნდა, გვიჭირს ხოლმე იმიტომ, რომ არ ვართ დიდი გუნდი და ვცდილობთ, ვიპოვოთ მწარმოებლები, რომლებიც დაგვიმზადებენ ამ ყველაფერს ხარისხიანად და ნორმალურ ფასად. აქედან გამომდინარე, ჩვენ თვითონ უბრალოდ არ ვაწარმოებთ, თუნდაც იმიტომ, რომ არ გვაქვს მაღაზია, სადაც ჩამოვკიდებთ. შოურუმი გვაქვს უბრალოდ, სადაც მოდიან ქართველი ბაიერები თუ პრესის წარმომადგენლები. ასე რომ მე თვითონ არ ვწყვეტ არასდროს, რომ ეს მეტი უნდა ვაწარმოო და ეს ნაკლები. სათვალეებზე კი (იცინის). იქიდან გამომდნარე, რომ წარმოებას უნდა ძალიან დიდი დრო და თავიდანვე მზა რაოდენობას ვუკვეთავთ, რომელსაც მერე ვყიდით.“

ნინა: „ჩვენი ტანსაცმელი ძირითადად არის Made to order. ეს იმაშიც გვეხმარება, რომ ხარჯი შევამციროთ და გარდა ამისა, გარემოც ნაკლებად დავაბინძუროთ და წინა სეზონის დარჩენილ ტანსაცმელზე არ მოგვიწიოს, რომ რაღაც მიზერულ ფასად გავყიდოთ ან უბრალოდ გადავაგდოთ და გავანადგუროთ.“

გიორგი: „ყოველთვის წინასწარ ვეძებთ ისეთ მწარმოებლებს, რომლებსაც უცებ შეუძლიათ მოგვცეს ასი მეტრი ქსოვილი და არ შევუკვეთოთ, ვთქვათ, ათას ხუთასი მეტრი ქსოვილი, რომელიც უბრალოდ რამდენიმე სეზონი გვედება და მომიწევს მომდევნო კოლექციაშიც იმავე ქსოვილისგან ვაკეთო ტანსაცმელი. ვცდილობ ამ ყველაფერს გავექცე, რომ ხალხისთვისაც საინტერესო იყოს კოლექცია და ა.შ.“

ადგილობრივი ბაზრის მნიშვნელობა

გიორგი: „სხვა ქართული ბრენდებისგან განსხვავებით, ჩვენ არ ვმუშაობთ კერძო შეკვეთებზე. ეს ყველაფერი სხვა რესურსს მოითხოვს და დროს მეტი მიაქვს, ვცდილობთ ამ ყველაფერს თავი ავარიდოთ, ამიტომ ტანსაცმელზე თითქმის არ ვმუშაობთ. ერთადერთი რასაც ვყიდით არის სათვალეები და გვაქვს ონლაინ მაღაზია, საიდანაც შეუძლიათ ნებისმიერი პროდუქტი შეუკვეთონ. ქართველ მომხმარებელს ჰქონდა საკმაოდ დიდი როლი ჩვენს კარიერაში და ისევ სათვალეებს ვუბრუნდები, უბრალოდ ქართული ბაზარი თვითონ არ არის იმდენად ძლიერი და ეკონომიკიდან გამომდინარე აქ ვერ ააგებ იმხელა გეგმებს, რომ ბრენდი იყოს მყარი. მთავარი გათვლა, რა თქმა უნდა, გვაქვს ექსპორტზე.“

ქართული ბრენდების კონკურენტუნარიანობა

გიორგი: „ქართველებს ეამაყებათ ქართული ბრენდები, თუმცა არ აქვთ საშუალება ეს ყველაფერი შეიძინონ, რადგან საშინელი ეკონომიკური მდგომარეობაა. კიდევ, ქართველ დიზაინერებს ხარისხის კუთხით გვქონდა სახელი გაფუჭებული. იყო დრო, როდესაც მეც საშინელი ხარისხი მქონდა და ვერ ვაწარმოებდი, არ მქონდა ცოდნა, გამოცდილება და ისეთი დონის პროდუქტს ვერ ვაკეთებდი, რომ ამ ყველაფერში შესაბამისი თანხა ამეღო. მგონია, რომ დრო ყველაფრის მომტანია. თუ ეკონომიკური მდგომარეობა გამოსწორდება, გაყიდვებიც უფრო გაიზრდება. ხარისხი უკვე არის მზად იმისთვის, რომ გაუწიოს კონკურენცია იმავე დონის უცხოურ ბრენდებს, დავუშვათ იმას, ვისაც იგივე მარჟა აქვს ფასზე. ნელ-ნელა ყველაფერი ვითარდება. ამ სფეროსაც ძაან დაეტყო, რომ უფრო მაღალ საფეხურზეა, ვიდრე ხუთი წლის წინ იყო.“

მოთხოვნა ექსკლუზიურ პროდუქტზე

გიორგი: „ეს მოთხოვნა სულ არსებობდა და იარსებებს ყველას შემთხვევაში ვისაც აქვს ფინანსური უზრუნველყოფა და ოდნავი გავლენა. ჩემთან ძალიან ხშირად მოდიან მსგავსი შემოთავაზებით, „მინდა. მინდა და მორჩა.“ მე ვეუბნები, რომ არ ვაკეთებთ ამ ყველაფერს ვინც არ უნდა იყოთ თქო. ეს მგონი მარტო ჩვენს ქვეყანაში არ არის, ყველგან ეგრეა – გავლენიდან გამომდინარე. მე, რა თქმა უნდა, მირჩევნია დრო და რესურსი დავუთმო უფრო მნიშვნელოვან ადამიანს, ვინც მე მომიტანს პიარს, მაგალითად, რიანას, რომლისთვისაც გაგვიკეთებია მის ზომებს მორგებული კორსეტი, რომელიც არ ჩაუცვამს, მაგრამ ყველაზე რომ ვიმუშავო მე მჭირდება ძალიან დიდი „სთაფი,“ რომელიც კონკრეტულად ამ ყველაფერზე იმუშავებს. მე ძალიან დიდი დრო და რესურსი დამეხარჯება, ამიტომ ეს ყველაფერი ძალიან დიდი ხანია ავკრძალეთ. „სუპერსთარებს“ რაც შეეხება, ბიონსე თუ მოგვწერს, „კაბა გვინდა ჩემი ზომის მიხედვით,“ ალბათ, უნდა გავუკეთო (იცინის).“

ნინა: „Custom-ებს რაც შეეხება, სელებრითებს ხშირად სჭირდებათ Customs, არამარტო ზომაში, არამედ დეტალებში, ფერში და ა.შ. ვცდილობთ ეს გავითვალისწინოთ. ბაზარზე შეინიშნება, რომ ჩვეულებრივ მომხმარებელსაც უფრო ინდივიდუალური უნდა, ვიდრე მას-მარკეტი.“

Solange in Keburia sunglasses © Surface

ფავორიტი ახალგაზრდა ბრენდები საქართველოში

გიორგი: „საქართველოში ძირითადად ყველაზე დიდ მოწონებას ახალგაზრდა დიზაინერები იმსახურებენ. ისინი გარდამტეხი ძალა აღმოჩნდნენ ქართულ მოდას სახელი რომ გაეთქვა. ბევრნი არიან, ბრენდი სიტუაციონისტი, მაგალითად, მეც და ა.შ. ამ ყველაფერს საკმაოდ დადებითად ვუყურებ. ყველა მაქსიმალურ შრომას დებს, რომ კარგად წარმოაჩინონ საქართველო და შემდეგ უკვე ყველაფერი. დიზაინის კუთხითაც ყველაფერი ძაან მომწონს, ამას როგორც მოდის მოყვარული, ისე ვამბობ. მე მყავს ჩემი ფავორიტი, ჩემი მეგობარი თიკო პაქსა, რომელიც კრეატიულ ხელმძღვანელად მატერიაში დაინიშნა და მგონია, რომ საინტერესო თანამშრომლობა იქნება.“

მოდის ინდუსტრიაში მოხვედრა

გიორგი: „დიზაინმდე ძალიან დიდი გზა არის. მარტო მონდომება არ იქნება საკმარისი. ჩემთან ძალიან ბევრი მოდის მოყვარული მოსულა პრაქტიკებზე და ძირითადად ყოველთვის ერთი და იმავე პრობლემას ვაწყდები – ცნობიერება ძალიან დაბალია. ჰგონიათ, რომ ეს ყველაფერი ძალიან მარტივად არის მისაღწევი, როდესაც უბრალოდ შემოხვალ ამ სფეროში და გაცვია ცოტა უფრო „ქულ“ და ვიზუალით გამოირჩევი. ეს ყველაფერი არ არის საკმარისი, სამწუხაროდ. ეგეთი მარტივი რომ იყოს, უფრო გაადვილდებოდა ცხოვრება. ძალიან დიდი შრომაა საჭირო ფიზიკურიც და გონებრივიც, რომ ამ ყველაფერს მიაღწიო. ძალიან ბევრი შეცდომა უნდა დაუშვა, რომ ისწავლო. არ უნდა გეშინოდეს შეცდომების დაშვების იმიტომ, რომ ოდესმე აუცილებლად ისწავლი ამ ყველაფრიდან გამომდინარე. ჯობს ისევ შენთვითონვე იპოვე სიმართლე ამ სფეროში, ვიდრე იჯდე და ამ ყველაფერს გარედან უყურო. თუ აპირებენ ამ სფეროში შემოსვლას, ძალიან დიდი შრომისთვის უნდა იყვნენ მზად. წინააღმდეგ შემთხვევაში უბრალოდ ამ სფეროს მიღმა დარჩებიან. დღეს, მაგალითად, ვიღაცები „მაფოლოვებენ,“ არ აქვს მნიშვნელობა ქართველი იქნება თუ უცხოელი, ძირითადად უცხოელები არიან, აწერიათ Young რაღაც, ახალგაზრდა ტიპები არიან და რომ დავაჭერ, ათიდან შვიდს აწერია სტილისტი და როდესაც მათ პროფილს ვათვალიერებ, არანაირი ნამუშევარი არ უდევთ, არ ჩანს, რომ სტილისტები არიან, უბრალოდ „ქულ ფიდი“ აქვთ, კარგი, ლამაზი, უბრალოდ შრომა არსად ჩანს. ძალიან ბევრი უნდა იშრომო. უნდა დაანახო ხალხს, რომ რაღაცას აკეთებ, ესე თვითონ ვერავინ ვერ მოვა და ვერ შეგამჩნევს, რომ შენ ნიჭიერი ხარ, ძალიან დიდი ამბიციები გაქვს ან რაღაც, ყველაფერი უნდა გააგონო და დაანახო ამ ხალხს, ეს ხომ ხელოვნების დარგია, უფრო ვიზუალზე უნდა იმუშავო, ვიდრე სხვა რაღაცაზე.“

მოთხოვნა სტილისტებზე

„აქ, სამწუხაროდ, ვერ განვითარდა ეგ სფერო მაღალ დონეზე იმიტომ, რომ არ იყო მაღალი დონის პროფესიონალიზმი. მე თვითონ ვაკეთებ სთაილინგს, მაგალითად, თიკო (პაქსა) მეხმარება ბოლო სეზონები სულ იმიტომ, რომ არ გვყავს ჩვენ ისეთი კადრი, რომელსაც დაიქირავებ, მიენდობი და გაგიმართავს ლუქს ისე, რომ დღევანდელი იყოს და თან ბრენდის ისტორიას, სტილისტიკას უსვამდეს ხაზს. ძალიან რთულია. ამ ყველაფერს დიდი ცონდა უნდა. ელემენტარული დროსთან მიმართებაში, ვინ რას აკეთებდა, ვინ სად მუშაობდა, ვინ როგორ განავითარა საკუთარი ბრენდი, ტენდენციები, ვინ აკეთებდა „თრენდ-სეთინგს“ და ა.შ. ეს ყველაფერი ძაან კარგად უნდა იცოდე, რომ შეძლო გამკლავება.“

რეალობის მნიშვნელობა ბრენდისთვის

გიორგი: „რეალობა ყველაზე ახდენს გავლენას, არ აქვს მნიშვნელობა ვინ რა სტილისტიკით მუშაობს. ან გაყიდვები დაიკლებს, ან პირიქით – მოგემატება. თუ აზროვნებ დღევანდელობის მიხედვით, შენ შეგიძლია ისეთი ნივთი გააკეთო, რომელიც ზუსტად იცი, რომ წარმატებული იქნება უფრო, ვიდრე უმოკლესი შორტი, რომელიც, მაგალითად, ამ კოლექციაში გავაკეთე. თქვენც აღნიშნეთ, რომ ბოლოს უფრო განსხვავებულ შოუებს ვაკეთებ და ასე მოდის სიყვარულის გამო ვიქცევი. სხვა პასუხისმგებლობაც მაქვს, რომ უფრო მხატვრულად წარმოვაჩინო, მინდა, რომ ხელოვნებასაც შევეხო. უბრალოდ გაყიდვებზე ფიქრი და მომენტის დიზაინერად ყოფნა არ მინდა. ესეც დიდი პატივია, უბრალოდ ჩემთვის დიდად საინტერესო არ არის. დიდი ხანი ვაყალიბებდით ქებურიას ქალს, რომ რაღაც შედეგამდე მისულიყო და ყოფილიყო თან საინტერესო და თან რაღაც ნიშა ჰქონოდა, რომლითაც ხალხი იცნობდა. მე მგონია, რომ ბოლო კოლექციიდან გამომდინარე ამ ქალის განვითარებამ ძალიან საინტერესო ეტაპს მიაღწია. დროსთან მიმართებაში ყოველთვის ვიფიქრებ, მაგრამ ქალს ერთს დავტოვებ, რადგან მინდა, ამ ქალმა ძალიან ბევრს მიაღწიოს.“

ქებურიას ქალის განვითარება

გიორგი: „ბრენდში მინდოდა ეს სტილისტიკა დამკვიდრებულიყო, რომელიც შექმნიდა ამ ქალს და იქნებოდა ხან სულელი, ხან ძალიან ჭკვიანი, ხან ქარაფშუტა… ყველაფერი. მინდოდა, ერთში ბევრი როლი ჩამესვა, რაც ჩემთვის სამუშაოდ ძალიან საინტერესო იყო. სულ მინდა, რომ ამ ფორმებს და რაღაცებს ვეთამაშო, კონსტრუირების კუთხით, ფერების კუთხით და ა.შ.“

Anamaria Cioboata by Valentin B Giacobetti

ბრენდის სახელის ცვლილება

გიორგი: „ბავშვობიდან მინდოდა ძალიან, რომ ჩემს ბრენდის სახელი ქებურია ყოფილიყო, რასაც ვერ ვაკეთებდი. თავიდან იმ „ივენთებში,“ რომლებშიც მონაწილეობას ვიღებდი, ყველგან თავიანთი სურვილით წერდნენ ჩემს სახელსა და გვარს, ამიტომ ხან გიორგი ეწერა, ხან ჯორჯ ეწერა და ა.შ. ბოლოს მარტო გვარის დატოვება გადავწყვიტე, რომ უფრო აღქმადი ყოფილიყო ჩემი ბრენდის სახელი. ვიფიქრე, რომ დრო იყო.“

რამდენად მნიშვნელოვანია დიზაინერისთვის განათლება

გიორგი: „მე თვითნასწავლი დიზაინერი ვარ, უბრალოდ მე პრაქტიკები გავიარე, მაგალითად, ვმუშაობდი მოდის სახლს მატერიაში, სადაც რაღაც ცოდნა დავაგროვე. იმის მერეც ყოველთვის ვსწავლობდი, რომ მაქსიმალური შედეგი მიმეღო. ძალიან ბევრი დეტალია. დავუშვათ, მკერვალობაში თუ არ ერკვევი ან კონსტრუირებაში, ძალიან რთულია რაც არ უნდა გამოიგონო ის შესრულებადი გახადო და მისი საბოლოო სახე დაინახო – არ აქვს მნიშვნელობა ეს ქვედაბოლო იქნება თუ უბრალოდ ბლუზა. აქედან გამომდინარე, საჭიროა ყოველთვის სწავლა და მაქსიმალურად დიდი ენერგიის ჩადება ამ ყველაფერში. საკუთარი ცხოვრებაც ცოტათი უნდა გადადო. ძალიან რთულია ამ სფეროში ორი ცხოვრება გქონდეს, ალბათ, ჯერ ერთი უნდა გქონდეს, სანამ რამეს არ მიაღწევ.“

© Twitter / Browns Fashion


ბიზნესის და შემოქმედების ურთიერთდამოკიდებულება

ნინა: „თუ შენს დიზაინერულ პროფესიას თავიდანვე ისე უყურებ, როგორც ბიზნესს, არასწორია. ეს მეორე ეტაპია – ჩვენი გამოცდილებით და ჩვენი აზრით. თუ ეს არის შენთვის ხელოვნება და თუ მუშაობ კოლექციაზე, შენს თავზე, გინდა განვითარება და რაღაც ღირებულის შექმნა, ჯერ ქმნი ღირებულს და მერე ადებ მას ფასს. მერე მოდის უკვე ის პარტნიორიც, კლიენტიც, მყიდველიც და თუნდაც სტილისტიც, რომელსაც მოუნდება შენი ნივთების გადაღება. ამიტომ, პირველ რიგში, მუშაობ შენს თავზე, შენს განვითარებაზე და იმ კონკრეტულ ნივთებზე კოლექციაში, რისი წარმოდგენაც გინდა და შემდეგ შემოდის ფასწარმოქმნა, გაყიდვების პრომოუშენი, კონკრეტული კონტაქტების მოძიება და ა.შ.“

მრავალფეროვნება მოდის ინდუსტრიაში

გიორგი: „მოდის ინდუსტრია ყოველთვის იყო და იქნება მრავალფეროვანი. პოლიტიკურ მესიჯებს ყოველთვის ძალიან ბევრი ბრენდი იყენებს. პოლიტიკურად შემიძლია მივიჩნიო, მაგალითად, ჩემი მაისურები, რომლებზეც ეწერა Gay და ავტომატი იყო ამოქარგული, ესეც პოლიტიკურ ჭრილში გადის, პროტესტია და აქედან გამომდინარე. მაგრამ ხშირად ამ ყველაფერს ბრენდები მხოლოდ პიარის გამო იყენებენ, რადგან ყურადღება მიიქციონ. მოდა ყოველთვის იქნება პოლიტიკური, ყოველთვის ექნება ეს ეფექტი. არაფერი განსხვავებული ეს მოდისთვის არ არის. მოდას ყველაფერი შეუძლია, რომ თავის სასიკეთოდ გამოიყენოს იმიტომ, რომ ძლიერი სფეროა. უბრალოდ შეიძლება მერე სათაური შეგხვდეს სხვანაირი, ვიღაცამ წაიკითხოს და დაიჯეროს ეს ყველაფერი, რომ ძაან ინერვიულეს ლუი ვიტონში ტრამპია პრეზიდენტი თუ სხვა.“

ნინა: „მართალია, რომ ეს წელს და შარშან არ მომხდარა პირველად. პოლიტიკური და სოციალური ხაზი მისდევს ყოველთვის ამ სფეროს, გააჩნია ამას როგორ შეფუთავ. თუ კარგად და სწორად შეფუთე, ამ ყველაფერს კომერციული შედეგი აქვს. ის, რომ არასდროს არ გყოლია ან ყოველთვის გყავს ერთი რასის და კანის ფერის მოდელი ყველა ჩვენებასა და კამპანიაში ესეც, რა თქმა უნდა, მოქმედებს. ახლა ნელ-ნელა იზრდება ცნობიერება ამ თვალსაზრისით. ის „ინქლუზივითიც“ რომელზეც ახლა ყველა საუბრობს, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არ არის მხოლოდ კრეატიული ჯგუფის გადასაწყვეტი და არის ხოლმე სიტუაციები, რომ უბრალოდ ფუფუნება არ გაქვს, ასე ვთქვათ, რომ გყავდეს წარმომადგენელი სხვადასხვა კონტინენტიდან და ყველა რასიდან. რაც დრო გადის ამას უფრო დიდი ყურადღება ექცევა, ასევე შენს პოლიტიკურ მიმართულებას, დამოკიდებულებას მდგრადობასთან დაკავშირებით. თანამედროვე და ახალგაზრდა მომხმარებელი უფრო დიდ ყურადღებას აქცევს ამას, უფრო ახალი ტრენდია. არ მგონია, რომ ხვალ შეიძლება ეს ტრენდი აღარ იყოს და შეიცვალოს. ვფიქრობ, ეს უფრო სტაბილური, ხანგრძლივი საკითხია, მაგრამ გატრენდებულია, დღევანდელი დღის მიმართულებაა და გინდა, არ გინდა მოქმედებს, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება სულ არ ფიქრობდეს დიზაინერების გარკვეული ჯგუფი თუ ბრენდის კრეტიული გუნდი ასე. გიწევს, რომ გაითვალისწინო. იმდენად აქტუალურია დღესდღეობით, რომ არის კომპანიები და მე მაქვს საუბარი კომპანიებზე, ჩვენს პარტნიორებზე, რომლებმაც ეს უკვე ხელშეკრულებაში ჩადეს. რომ შენ ვალდებული ხარ გყავდეს მრავალფეროვანი ქასთი და ა.შ.“

ქასთინგ დირექტორის საკითხი საქართველოში

გიორგი: „სტილისტი ძვლივს გაიგეს რა იყო და ახლა ქასთინგ დირექტორები უხსენე როგორ მუშაობენ, რა პრინციპით. ალბათ, ერთ ხუთ წელიწადში შეიძლება ვინმე დაიხვეწოს შესაბამის დონეზე. მაგასაც ჩვენით ვაკეთებთ და თავი ბიტონი მგონია ხოლმე (იცინის).“

კარიერული ჩავარდნები

გიორგი: „დაწყებითი წლები ძალიან დიდ „ფეილად“ მახსენდებოდა და ძალიან მრცხვენოდა ამ ყველაფრის. მერე უბრალოდ ძალიან ადეკვატურად შევხედე ამას, რომ ეს ყველაფერი ჩემი განვითარების და გაზრდისთვის საჭირო იყო. კოლექციის კუთხით ყველაზე დიდი „ფეილი“ იყო კოლექცია, რომელიც პარიზში ჩავიტანე, დიდი ქუდები რომ მქონდა, საშინლად უკმაყოფილო ვიყავი მაგ კოლექციით. უბრალოდ სეზონს ვერ „დავაქენსელებდი,“ არ იქნებოდა ჩემგან პროფესიონალური.“

Keburia SS 2019, PFW © Instagram / George Keburia

მოდაში მუშაობისას ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორები

ნინა: „მენეჯერული კუთხით, ძალიან მნიშვნელოვანია პარტნიორებთან ურთიერთობა, როგორ წარმართავ ამ ურთიერთობას, რა დათმობებზე მიდიხარ მოლაპარაკებების დროს, რას სთავაზობ, რამდენად კარგად უსრულებ და ამასობაში ისიც როგორ ურთიერთობს შენთან. მთავარი არის ურთიერთობა ამ თვალსაზრისით. ფასი და რამდენ პროცენტს დაუკლებ, უკვე დეტალებია. მთავარია როგორ წარმოაჩენს შენს ბრენდს და ყველაფერი ასე თუ ისე მაინც ურთიერთობებამდე დადის და იმას თუ რაღაც პრობლემა აქვს, შენ როგორ მიუდგები ამას და შენ მისთვის რამდენად კომფორტული გარემოს შექმნა შეგიძლია.“

პროფესიული მიზნები

გიორგი: „მე თვითონ ყოველთვის მაინტერესებს, რას გავაკეთებ მომავალში, ჩემგან რა იქნება საინტერესო და ამ ყველაფერს, როდესაც რაღაცაზე ვმუშაობ, ან მოდაზე ვფიქრობ, ან ჩემს პროფესიაზე, ყოველთვის ვცდილობ, რომ ვუყურო გვერდიდან და ჩემი თავის პირველი კრიტიკოსი ვიყო. მოდის მიმართ სიყვარული მამოძრავებს, ეს არის ჩემი მთავარი მოტივატორი, მინდა ჩემს სფეროში მივაღწიო რაღაცას და ვიღაცისთვის მაგალითის მიმცემი ვიყო.“

რჩევა დამწყებ დიზაინერს

გიორგი: „მთავარი პრობლემა, რომელსაც მე ვაწყდები, ჩემი კოლეგები იქნებიან თუ სხვები, საჭიროა ცოდნა ყველანაირად გააღვივო და ისწავლო. დავუშვათ, მე არ ვიცოდი კონსტრუირება, ქსოვილის შერჩევა და ა.შ. ძალიან ბევრი ვიმუშავე, რომ ჩემი ბრენდის სტილისტიკიდან გამომდინარე ამ ყველაფრისთვის მიმეღწია. პრობლემაა, რომ თვითონ სფეროსთან მიმართებაში ცოდნა არ აქვთ ხოლმე. შეიძლება იცოდე ბრენდების სახელები, შეიძლება წლები იცოდე, ვინ როდის დაიბადა, ბიოგრაფია ან რაღაც მსგავსი, მაგრამ დროსთან მიმართებაში არ იციან რა ხდებოდა. მაგალითად, დეკადების მიხედვით. უახლოესი წარსული ყველაზე მნიშვნელოვანია, თუნდაც იმიტომ, რომ კრიზისის დროს მაგალითები შეიძლება მაქედან ავიღო. მოდისთვის ეს არ არის პირველი კრიზისი და უნდა იცოდე, რომ მყარად უნდა დადგე, ძალა და რესურსი უნდა ჩადო ამ ყველაფერში, რათა გამოძვრე, რადგან ეს რყევები ყველას აზიანებს, არ აქვს მნიშვნელობა ბრენდი რამხელაა. მგონია, რომ ცოდნა ყველაზე მნიშვნელოვანია. როგორც არ უნდა გაგიჭირდეს და ბევრი პრობლემა შეგექმნას, ან მუშაობის, ან აზროვნების კუთხით, მხოლოდ ცოდნის იმედზე შეგიძლია იყო ამ სფეროში.“