Fenty Beauty-ს და Fenty Skin-ის წარმატების შემდეგ, რიანა ამჯერად თმის მოვლის ბრენდს უშვებს. Fenty Hair-ასე ერქმევა ახალ ხაზს, რომელიც ისეთივე მრავალფეროვან პროდუქტებს გააერთიანებს, როგორც ეს კოსმეტიკური საშუალებების ხაზის შემთხვევაში მოხდა. შეერთებული შტატების საპატენტო და სამარკო ნიშნის რეგისტრაციის სამსახურის პლატფორმაზე არსებული საჯარო ინფორმაციის მიხედვით, რიანამ უკვე დაიწყო ახალ ბიზნესში ინვესტიციისათვის ფორმალურ მხარეზე ზრუნვა.

რაც შეეხება პროდუქტებს, Fenty Hair გააერთიანებს შამპუნებს, ნიღბებს, ასევე ვარცხნილობის შექმნისათვის საჭირო საშუალებებებს – გამასწორებელ, დასახვევ და სხვა პროდუქტებს. როგორც ცნობილია Fenty Hair რამდენიმე ორიგინალურ დეკორატიულ პროდუქტსაც გამოუშვებს, მაგალითად თმის გლითერებს. რამდენადაც რიანას კოსმეტიკური ხაზები ყოველთვის მრავალფეროვნებით, მომხმარებლის საჭიროებების გათვალისწინებით და სიახლის შეთავაზებით გამოირჩევა, უნდა ველოდოთ, რომ თმის მოვლის საშუალებების ბაზარზე Fenty Hair ერთ-ერთი გამოკვეთილი მოთამაშე გახდება.

როგორც გამოცემა Guardian იუწყება, რიანას სტრატეგიის გათვალისწინებით, მოსალოდნელია, რომ ბრენდი განსაკუთრებით მიმზიდველი იქნება თანამედროვე მსოფლიოს მთავარი მომხმარებლის – თაობა Z-სათვის.