გასულ ოთხშაბათს, ცნობილი გახდა, რომ LVMH -ის და რიანას ტანსაცმლის ხაზი, Fenty ფუნქციონირებას წყვეტს. მოდის პრესაში იწერება, რომ ეს არის დროებითი პაუზა, თუმცა ამავდროულად, ვხვდებით სტატიებს ისეთი გამოცემებისგან, როგორებიცაა: Vogue, BOF, რომ LVMH ფენტის კი არ აჩერებს, არამედ ხურავს, თუმცა ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან საინტერესოა არა ის ფაქტი, ფენტი დროებით იხურება, თუ სამუდამოდ, არამედ მიზეზები, რამაც გამოიწვია Fenty – ს ტანსაცმლის ბრენდის წარუმატებლობა.

2 წლის წინ, როდესაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ LVMH-მა რიანასთან ერთად, ტანსაცმლის ძვირადღირებული ბრენდი შექმნა, რიანა ისტორიაში შევიდა, როგორც პირველი ქალი, რომელმაც LVMH -ში ბრენდი დააარსა, პირველი ფერადკანიანი ქალი, რომელიც LVMH -ში ბრენდის ხელმძღვანელად დაინიშნა, ხოლო Fenty – პირველი ახალი ბრენდი, რომელიც LVMH -ის პატრონაჟით შეიქმნა, 1987 წლის შემდეგ.

რიანა Fenty -ს პირველი კოლექციის პრეზენტაციაზე, წყარო: REUTERS

ეს იყო საკმაოდ ამბიციური და გახმაურებული პროექტი, რომელმაც მაშინვე მიიქცია ყურადღება, რადგან თუ 2017 წელს, როდესაც ფრანგული კომპანია და რიანა კოსმეტიკურ ხაზს ქმნიდნენ, ბაზარზე უკვე არსებობდა არაერთი შემთხვევა ვარსკვლავის ‘Beauty’ ბრენდის არსებობის, მაგალითისთვის საკმარისია მოვიყვანოთ კაილი ჯენერის – Kylie Cosmetics, სელებრითის ძვირადღირებული ტანსაცმლის ბრენდი მრავალმხრივ პრეცედენტული და ჩანასახშივე ძალიან ამბიციური წამოწყება იყო.

შეიძლება ითქვას, რომ LVMH-ში იჩქარეს, როდესაც Fenty Beauty -ს დიდი წარმატების შემდეგ, ტანისამოსის ბრენდის შექმნა გადაწყვიტეს, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ რიანას და ფრანგული კონგლომერატის ურთიერთობა უფრო ადრე დაიწყო, ვიდრე მომღერლის კოსმეტიკური და საცვლების ხაზები გამოჩნდებოდა.

2015 წელს, რიანა გახდა LVMH -ის ერთ-ერთი უდიდესი ბრენდის, Dior-ის პირველი შავკანიანი სახე. მომღერალს ამდროისთვის უკვე ჰქონდა მიღებული CFDA-ის პრესტიჟული ‘Fashion Icon’-ის ჯილდო. დიორის კამპანია ძალიან წარმატებული აღმოჩნდა, რიანამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ბრენდის გაყიდვების ზრდაში. იმავე წელს, მომღერალი, მეტ გალაზე, ჩინელი კუტიურიეს Guo Pei -ს შთამბეჭდავ კოსტიუმში გამოჩნდა. ბარბადოსელმა კიდევ ერთხელ მოიცვა მოდის ყველა წამყვანი გამოცემის ჰედლაინი. ყველაფერი, რასაც ის ირგებდა, ტრენდი ხდებოდა და საათებში იყიდებოდა, თუმცა ეს არ ეხებოდა მხოლოდ უკვე კარგად შემდგარ მოდის სახლებს. რიანამ არაერთ დამწყებ ბრენდს მისცა დიდი პლატფორმა, მათ შორის: Vetements -ს და Off-White-ს. შემდეგ იყო Fenty Beauty და სწორ დროს შემოთავაზებული საცვლების ბრენდი -Savage x Fenty.

რიანა Dior -ის სარეკლამო კამპანიაში

რიანას კოსმეტიკური ხაზის გამოშვებიდან მხოლოდ ერთ თვეში, გაყიდვებმა 100 მილიონს მიაღწია. ასეთმა წარმატებამ LVMH-ის ხელმძღვანელები დაარწმუნა, რომ თუ მათ ვარსკვლავური ტანსაცმლის ბრენდი უნდა შეექმნათ, მაშინ ეს სწორედ რიანასთან ერთად უნდა გაეკეთებინათ. თუმცა ამბიციური წარდგენიდან 2 წლის შემდეგ, ბრენდი ფუნქციონირებას წყვეტს.

რამ გამოიწვია Fenty -ს წარუმატებლობა?!

ამ კითხვას ყველაზე ხშირად ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ვკითხულობდით, თუმცა Fenty-ს ბუნდოვან მომავალზე საუბარი ჯერ კიდევ 2019 წლის მიწურულს დაიწყო, პანდემიამდე. კორონავირუსით გამოწვეულმა კრიზისმა ყველა მოდის სახლზე იქონია მნიშვნელოვანი გავლენა, თუმცა ფენტის შემთხვევაში, თავიდანვე ცხადად გამოჩნდა, რომ ბრენდის ანონსი ბევრად ამაღელვებელი და გახმაურებული იყო, ვიდრე შედეგი.

ტრადიციული მიდგომის ნაცვლად, Fenty-მ განსხვავებული სტრატეგია აირჩია. როგორც რიანამ აღნიშნა, ის არ აპირებდა ჩვენებების გამართვას წელიწადში ორჯერ, ყველაფერი ონლაინ გაიყიდებოდა, ხოლო მაღაზიების ნაცვლად, ფანებს დროებით სავაჭრო სივრცეებს მოუწყობდა მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში და რაც მთავარია, რიანა თავად მოგვევლინა დიზაინერის ამპლუაში. ბრენდის კოლექციებზე დიზაინერების ჯგუფი და რიანასთან დაახლოებული შემოქმედები მუშაობდნენ, თუმცა კოლექციების და ბრენდის შემოქმედებით დირექტორად სწორედ ვარსკვლავი გვევლინებოდა და არა პროფესიონალი დიზაინერი. მომღერლის თქმით, ეს იყო სამოსი, რომელიც თავად მოსწონს, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა საიმისოდ, რომ ბრენდი კომერციულად წარმატებული ყოფილიყო.

„რიანას ეფექტი“ კარგად მუშაობს Dior-ზე, Gucci-ზე, Tom Ford-ზე, Balenciaga-ზე და სხვა მოდის სახლებზე, რომლებსაც ფასეულობა და სასურველობა რიანას გარეშეც გააჩნიათ. ამ შემთხვევაში, კარგი ამბასადორი მოდის სახლისთვის უპირატესობაა და არა საფუძველი. არცერთი წარმატებული ძვირადღირებული ტანსაცმლის ბრენდი არ ემყარება მხოლოდ პიროვნების ვარსკვლავურ სტატუსს. Fenty -ს ხედვა მთლიანად მორგებული იყო იმაზე, რომ ეს არის სამოსი, რომელიც რიანას მოსწონს, რასაც შესაძლოა კარგად ემუშავა, თუ რიანა და LVMH დაბალფასიანი და შეზღუდული რაოდენობის ჰუდების, შარვლების, კედების, ან აქსესუარების გამოშვებაზე შეჯერდებოდნენ.

ფასები არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომლის გარეშეც ამ თემას ვერ განვიხილავთ. რიანას ბრენდი, პირველ რიგში, გათვლილი იყო მის გულშემატკივრებზე, ადამიანებზე, რომლებსაც რიანას მუსიკა და სტილი მოსწონთ. როგორც BOF იუწყება, რიანას თავიდანვე სურდა, რომ Fenty ყოფილიყო LVMH-ის სხვა ბრენდებთან შედარებით, ბიუჯეტური, რადგან თინეიჯერები და მილენიალები, რომლებიც რიანას მსმენელების და ფანების უმრავლესობას შეადგენენ, ვერ შეძლებდნენ 2000$ შეფასებული ნივთის შეძენას.

შეთანხმება შედგა, ფენტი LVMH -ის ერთ-ერთი ყველაზე ხელმისაწვდომი ბრენდი გახდა. თუ Givenchy -ს, Dior-ის, Louis Vuitton-ის ერთი ცნობილი ჩანთა მინიმუმ 3500$ ღირს, Fenty-ს ფასები ტანსაცმელზე 1200 დოლარს არ აღემატებოდა, თუმცა 200, 800 და 1200 დოლარი ერთ ნივთში, საშუალო ფენის თინეიჯერებისთვის, მაინც ძვირი აღმოჩნდა. შედეგად, მათ გააგრძელეს Fenty-ს ტუჩსაცხების და საცვლების ყიდვა, რომელთა ფასი ხშირად 100$-ს არ აღემატება, თუმცა ვერ შეიძინეს თავიანთი კუმირის ტანსაცმელი.

უნდა ითქვას ისიც, რომ რიანამ ძალიან ადვილად დათმო Fenty, მისი მხრიდან ბრენდის გადარჩენის დიდი მცდელობა ნამდვილად არ გვინახავს. მიზეზი მარტივია – მას უამრავი პროექტი აქვს. გარდა მოდისა, ის მუშაობს მუსიკალურ ალბომზე, რომლის გამოშვებას მისი ფანები უკვე მეხუთე წელია ელიან, კულინარიულ წიგნზე, რომელიც ახლახანს დააანონსა.

როდესაც ერთდროულად მუშაობ დეკორატიულ კოსმეტიკაზე, კანის მოვლის ხაზზე, თეთრეულზე, წიგნებზე, ალბომებზე, ცხადია, რომ ყველაფერს თავს ვერ მიუძღვნი, ხოლო მაღალი მოდის ძვირადღირებული ბრენდი არის ის, რასაც სჭირდება თავდადება და სერიოზული დამოკიდებულება.

დასკვნის სახით, შეგვიძლია დავწეროთ, რომ Fenty -ს, როგორც არშემდგარი ‘Luxury Fashion House’-ის ისტორია, კარგი მაგალითია, როგორც მომღერლისთვის, აგრეთვე LVMH-ისთვის. ძვირადღირებული და მაღალხარისხიანი ტანსაცმლის ბრენდის შექმნა სერიოზული ბიზნესია, რომელიც არ შენდება ერთი ხელით, ისიც მხოლოდ მაშინ, როდესაც გცალია. ეს საქმე მოითხოვს თავდადებას, შრომას, ძლიერ ხედვას, სწორ მიდგომას, რაც გამორიცხულია, თუ ის აღიქმება, როგორც „კიდევ ერთი დამატებითი პროექტი“ ვარსკვლავის მრავალფეროვან კარიერაში.

Tags :