ფენდიმ ამ სეზონის მილანის მოდის კვირეულის განრიგში პირველი ნახევრად-ფიზიკური ჩვენება გამართა. შიფონის ნაჭრებზე დატანილი ფოტოები თავად სილვიას გადაღებულია – კარანტინის დროს საკუთარი საძინებლის ფანჯარის, მის ჩრდილებისა და ხედების. მსუბუქი ქსოვილები, მშვიდი ფერები და ელეგანტური სილუეტები ერთმანეთში ჰარმონიულად არის შერწყმული. შესანიშნავი კოლექციის გარდა, ჩვენება განსაკუთრებული მოდელების ქასთის გამოც არის: პოდიუმზე ვიხილეთ კარენ ელსონი, იასმინ ლე ბონი, ევა ჰერციგოვა, პალომა ელსესერი, ეშლი გრეემი, პენელოპა თრი და ბევრი სხვა საინტერესო სახე.

Fendi – გაზაფხული/ზაფხული 2021


ჯორჯო არმანიმ Emporio Armani – ს გაზაფხული/ზაფხული 2021-ის „ჩვენება“ წინასწარ ჩაწერილი ვიდეოს სახით წარმოადგინა, რომლის ლაივში გაშვებაც, ისევე როგორც ფიზიკური ჩვენებები, გვიან მოხდა. 72 ლუქისგან შემდგარი კოლექცია, ისევე როგორც სილვიას ახალ კოლექციაში, მშვიდ ფერებში და კლასიკურ სილუეტებშია გადაწყვეტილი, თუმცა არმანისთვის დამახასიათებელი საქმიანი სტილის გათვალისწინებით. ვიდეოს სათაურია „Building Dialogues”, რომელსაც მეორე ნაწილიც აქვს და ინტერნეტით გავრცელების ნაცვლად 40 წუთიანი ჩვენება დღეს იტალიის ტელევიზიით არხზე LA7 გადაიცემა.

Emporio Armani – გაზაფხული/ზაფხული 2021


ვერსაჩეს ჩვენების პოდიუმი ატლანტიდის წყალქვეშ ჩაძირული ცივილიზაციით იყო შთაგონებული, რომლისგანაც მხოლოდ ნანგრევებიღაა დარჩენილი. პოდიუმზე მოდელები სველი თმით გამოჩნდნენ, თითქოს ახლახანს ამოვიდნენ წყლიდან – მეტაფორები ახალ სამყაროსა და ახალ ცხოვრებაზე. „მსოფლიო შეიცვალა და ჩვენც შევიცვალეთ“ ამბობს დონატელა, რომელმაც კოლექცია ჯანის მიერ 1992 წელს შექმნილი ‘trésors de la mer’ კოლექციის შთაგონებით შექმნა. მოდელებს შორის ვარსკვლავების ირინა შეიკის, მარიაკარლა ბოსკონოსა და ანა ევერსის გარდა პირველად ვიხილეთ 3 პლიუს ზომის მოდელიც: ჯილ კორტლევე, ფრეშეს ლი და ალვა კლერი.

Versace – გაზაფხული/ზაფხული 2021