9 იანვარს, HBO Max-ზე არაერთი ჯილდოს მფლობელი სერიალი Euphoria მეორე სეზონით დაბრუნდა. ახალ ეპიზოდებს მაყურებელი დიდი ხნის განმავლობაში ელოდა, რამდენადაც პანდემიამ გადაღებები შეაფერხა და შესაბამისად, პრემიერაც იმაზე გვიან შედგა, ვიდრე თავდაპირველად იგეგმებოდა.

Euphoria საკმაოდ მასშტაბური სერიალია, რომელზეც სხვადასხვა სფეროს არაერთი წამყვანი პროფესიონალი მუშაობს. ამ გარემოებების გათვალისწინებით, საკმაოდ მნიშვნელოვანი და სასიხარულო ამბავია ის, რომ სერიალის აუდიო ეფექტებზე მომუშავე გუნდის ნაწილი ქართული კომპანია Postred იყო.

HBO-ს Euphoria არ არის ერთადერთი საერთაშორისო პროდუქტი, რომლის შექმნაშიც Postred-ს მიუძღვის წვლილი. პროექტების სია საკმაოდ დიდია, მათ შორის არის ხოაკინ ფენიქსის მონაწილეობით გადაღებული ახალი შავ-თეთრი დრამა, სახელწოდებით – C’mon C’mon. ასევე აღსანიშნავია, რომ Postred-ის სახელი უკავშირდება ქართული აუდიტორიისათვის კარგად ნაცნობ ფილმს, ლევან აკინის სარეჟისორო ნამუშევარს, სახელწოდებით – And Then We Danced.

რაც შეეხება Euphoria-ზე მუშაობას, მსგავსი რეიტინგისა და აქტუალობის სერიალის გუნდთან თანამშრომლობა დიდ შესაძლებლობებს აჩენს, რაც არა მხოლოდ უშუალოდ ამ კომპანიაზე, არამედ მთლიანად ინდუსტრიის და მასში დასაქმებული პროფესიონალების პერსპექტივებზე დადებითად აისახება.