გასულ კვირას HBO-ს ცნობილი სერიალის – Euphoria-ს მეორე სეზონის დახურული პრემიერა შედგა. სერიალის ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელი, მსახიობი ალექსა დემი წითელ ხალიჩაზე Balenciaga-ს კოსტიუმით გამოჩნდა. ამ მომენტმა ცხადყო, რომ ალექსა იმ მსახიობთა რიგს შეუერთდა, რომლებმაც სტილის შეგრძნებით, ქარიზმით და შარმით შეძლეს, მოდის სამყაროსათვისაც საონტერესო პერსონებად პოზიციონირებულიყვნენ.
ამის შემდეგ, მსახიობი Balenciaga-ს სამოსით კიდევ ერთხელ გამოჩნდა. საბოლოოდ კი, ცნობილი გახდა, რომ ალექსა დემიმ ბრენდთან სამი კოსტიუმის შექმნის ფარგლებში ითანამშრომლა. ახლახანს მოდის წამყვანმა ჟურნალმა Vogue-მა ამ თანამშრომლობისადმი მიძღვნილი ვიდეოც გამოაქვეყნა.
აღსანიშნავია, რომ ინსტაგრამის ეპოქამ მოდის სახლებს ახალი მარკეტინგული კამპანიებისაკენ უბიძგა, რაც კინო და მუსიკალური ინდუსტრიის ვარკვლავებთან ექსკლუზიურ თანამშრომლობას და სხვადასხვა სახის კოლაბორაციებს გულისხმობს. ამ მხრივ ერთ-ერთი მოწინავე ბრენდი სწორედ Balenciaga არის. დემნას შემოქმედებითი ხელმძღვანელობის განმავლობაში, ბრენდის პოპულარობა კიდევ უფრო მეტად გაიზარდა, ის გასცდა მხოლოდ მოდის ინდუსტრიის სამყაროს და თანამედროვე პოპკულტურის ერთ-ერთ მნიშვნელოვან შემადგენელ ნაწილად იქცა.