გრემის ოთხგზის გამარჯვებული მუსიკოსი და პროდიუსერი, ერიკა ბადუ ამერიკული ვოგის მარტის ნომრის ყდაზეა. “ბადუ დევიდ ბოუისა და გრეის ჯონსის მსგავსად, ადამიანების იშვიათ კატეგორიას მიეკუთვნება, რომლებიც ჩვენში წინააღმდეგობრივ ემოციებსა და განცვიფრებას იწვევენ. ის პოპ-კულტურის სამყაროში საკუთარი წესებით თამაშობს. მისი წარმოსახვის უნარი და ნიჭი დღესდღეობით რელევანტურია, ისე, როგორც არასდროს. მან აუდიტორიასთან კავშირის ახალი გზა ტიკ-ტოკისა და ინსტაგრამის მეშვეობით იპოვა, სადაც ის გამომწერებთან საინტერესო დიალოგში შედის. თუ მისი ტვიტერის გამომწერი ხართ, მაშინ ისიც გეცოდინებათ, რომ ერიკა ფანებს პირად ცხოვრებაზე რჩევებსაც აძლევს.” – ნათქვამია ვოგის სტატიაში ბადუს შესახებ.
გასულ წელს, ერიკა მეტ გალაზე Marni-ს კრეატიულმა დირექტორმა, ფრანჩესკო რისომ დაპატიჟა და მომღერლისთვის ლუქი შექმნა. ამის შემდეგ, სექტემბერში ერიკა აქტიურად ჩნდებოდა ჩვენებების წინა რიგებში – ის ვიხილეთ ტომ ფორდის, ბარბერის, თომ ბრაუნის, რიკ ოუენსის, ვალენტინოს, ოფ-უაითისა და ბოტეგა ვენეტას ჩვენებებზე.
მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ რისოს, რომელიც ერიკას მუსიკის დიდი ხნის მსმენელი იყო, მასთან კოლაბორაცია სურდა. კოლაბორაცია შედგა, თუმცა კაფსულა კოლექციის შესახებ ინფორმაცია ჯერ-ჯერობით არაა გავრცელებული. “ცნობილ ადამიანებთან აქამდეც მიმუშავია, თუმცა ერიკასთან მუშაობა სულ სხვა სამყაროა. გაოცებული ვუყურებდი, თუ როგორ თამაშობდა ის სამოსით, ფერებით.” ამბობს რისო.
Vogue ერიკას ახლანდელ ეტაპს რენესანსს უწოდებს: “2023 ერიკასთვის დატვირთული იქნება. მისგან წელს ბევრ რამეს ვიხილავთ.”
Vogue აშშ – მარტი 2023
ფოტოგრაფი: Jamie Hawkesworth
სტილისტი: Alex Harrington