დენის ვილნევის ხმაურიანად დაანონსებული ფილმი Dune: Part Two მალე მსოფლიო ეკრანებზე გამოვა. კინოსურათის საერთაშორისო პრემიერა 2024 წლის პირველ მარტს შედგება. იქამდე ფილმის დახურული ჩვენებებია, რომლებიც მსოფლიოს დიდ ქალაქებში იმართება და მას შემოქმედებითი გუნდი ესწრება. 

ახლახან Dune-ის მეორე ნაწილის პრემიერა შედგა ლონდონში. დახურულ ჩვენებაზე პრესის ყურადღება მთავარი როლის შემსრულებლის, ზენდეიას იმიჯმა მიიპყრო. მსახიობმა ღონისძიებაზე მოირგო თიერი მუგლერის 1995 წლის ოტ კუტიურ კოსტიუმი, რომელიც ფუტურისტული დიზაინით, Dune-ის ესთეტიკას საინტერესოდ ეხმიანება. 

Dune ფრენკ ჰერბერტის ბესტსელერი სამეცნიერო ფანტასტიკის ეკრანიზაციაა. ისტორია მომავლის სამყაროში, პლანეტა არაკისზე ვითარდება. ფილმში მთავარ როლს ტიმოთი შალამე ასრულებს, მას პარტნიორობას კი, Zendaya უწევს. კინოსურათის პირველ ნაწილში ასევე ვიხილეთ ისეთი მსახიობები, როგორებიც არიან: რებეკა ფერგიუსონი, ჯეისონ მამოა, ოსკარ აიზეკი, ხავიერ ბარდემი და ჰოლივუდის სხვა არაერთი წამყვანი სახე. “დიუნის” სიქუელიც, წინამორბედი ფილმის მსგავსად, ვარსკვლავური შემადგენლობით გამოირჩევა. Dune-ის გაგრძელებაში სამსახიობო გუნდს შეუერთდნენ ფლორენს ფიუ, ლეა სეიდუ, კრისტოფერ უოლკენი და ოსტინ ბატლერი.