2021 წლის კინოჰიტად აღიარებული სამეცნიერო ფანტასტიკა, რეჟისორ დენის ვილნევის ფილმი – Dune მეორე ნაწილით ბრუნდება. ახლახანს, კინოკომპანია Warner Bros-მა პრემიერის თარიღის ცვლილების შესახებ გაავრცელა განცხადება. დიუნი მსოფლიო კინოთეატრების ეკრანებზე, დაანონსებულ დროზე ორი კვირით ადრე გამოჩნდება – ფილმის პრემიერა 2023 წლის 17 ნოემბრის ნაცვლად, 3 ნოემბერს შედგება.

Dune ფრენკ ჰერბერტის ბესტსელერი სამეცნიერო ფანტასტიკის ეკრანიზაციაა. ისტორია მომავლის სამყაროში, პლანეტა არაკისზე ვითარდება. ფილმში მთავარ როლს ტიმოთი შალამე ასრულებს, მას პარტნიორობას კი , Zendaya უწევს. კინოსურათის პირველ ნაწილში ასევე ვიხილეთ ისეთი მსახიობები, როგორებიც არიან: რებეკა ფერგიუსონი, ჯეისონ მამოა, ოსკარ აიზეკი, ხავიერ ბარდემი და ჰოლივუდის სხვა არაერთი წამყვანი სახე. “დიუნის” სიქუელიც, წინამორბედი ფილმის მსგავსად, ვარსკვლავური შემადგენლობით გამოირჩევა. Dune-ის გაგრძელებაში სამსახიობო გუნდს შეუერთდნენ ფლორენს ფიუ, ლეა სეიდუ, კრისტოფერ უოლკენი და ოსტინ ბატლერი.

აღსანიშნავია, რომ Dune-ის გამხსნელი ფილმის პრემიერა Warner Bros-სათვის, პანდემიური კინოინდუსტრიის რეალობაში, ერთგვარი ექსპერიმენტი იყო. “დიუნი” საპრემიერო კვირაში გავიდა, როგორც კინოთეატრებში, ასევე – სტრიმინგ სერვის HBO Max-ზე. მიუხედავად კრიზისული სიტუაციისა, Dune ერთ-ერთი ის ფილმია, რომელმაც მკაცრი კოვიდ რეგულაციების რეალობაში, კინოგაქირავების საკმაოდ კარგი შედეგი აჩვენა.