მაყურებელი უკვე დიდი ხანია ელის რეჟისორ დენის ვილნევის ხმაურიანად დაანონსებული სამეცნიერო ფანტასტიკის – Dune-ის პრემიერას, რომლის თარიღიც, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, რამდენჯერმე შეიცვალა. ამჯერად, Warner Bros-ის ოფიციალური ინფორმაციის საფუძველზე უკვე ვიცით, რომ კინოსურათის გამოსვლის ზუსტი თარიღი 2021 წლის 22 ოქტომბერია. ფილმი ერთდროულად გამოვა კინოთეატრების ეკრანებზე და სტრიმინგ სერვის HBO Max-ზე. პრემიერამდე თვეებით ადრე, Dune-ის ახალი, რიგით მეორე ოფიციალური ტრეილერი გამოქვეყნდა. პირველი ტრეილერისაგან განსხვავებით, ამ უკანასკნელში მეტი აქცენტი ძირითად პერსონაჟებზეა. შეგახსენებთ, რომ მთავარ როლებს თანამედროვე ჰოლივუდის ორი ამომავალი ვარსკვლავი – ზენდეია და ტიმოთი შალამე ასრულებენ.
რაც შეეხება თავად ფილმს, Dune გასული საუკუნის ცნობილი ავტორის, ფრენკ ჰერბერტის ამავე სახელწოდების ბესტსელერი ნაწარმოების ეკრანიზაციაა. მოქმედება გამოგონილ პლანეტა “არაკისზე” ვითარდება, თუმცა ეს არ არის ისტორია გალაქტიკაშორის თემატიკაზე – “დიუნი” არის ნაწარმოები, რომელიც უამრავ ფილოსოფიურ, რელიგიურ და პოლიტიკურ თემას საინტერესო სიუჟეტში აერთიანებს.