2023 წელს, ნიუ იორკის მეტროპოლიტენის მუზეუმი მასშტაბურ სანახაობრივ მიღებას – MET GALA-ს ლეგენდარულ დიზაინერს, კარლ ლაგერფელდს უძღვნის. ამის პარალელურად, რამდენიმე თვის წინ დაანონსდა სიახლე, რომ ლაგერფელდის შესახებ ბიოგრაფიული ფილმი გამოვა, რომელშიც მთავარ როლს ჯარედ ლეტო შეასრულებს.

ამჯერად დიზაინერის მემკვიდრეობას მასშტაბურ პროექტს Disney მიუძღვნის – კინოკომპანია ლაგერფელდის შესახებ სერიალს იღებს. სიახლე პირველად გავლენიანმა გამოცემა Variety-მ გაავრცელა და იმ მსახიობის ვინაობაც გაამჟღავნა, რომელიც მთავარ როლზეა დამტკიცებული. დიზაინერის პერსონაჟს დენიელ ბრიული (Daniel Brühl) შეასრულებს.

ექვსნაწილიანი სერიალი კარლ ლაგერფელდის შემოქმედებითი კარიერის აღზევების ისტორიაზე ფოკუსირდება. ისტორია გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან იწყება. ამ პერიოდში ლაგერფელდმა მიზნად დაისახა, რომ ყველაზე ცნობილი და გავლენიანი დიზაინერი გამხდარიყო ფრანგულ მოდაში. სერიალი ასევე აღწერს ლაგერფელდის დაპირისპირებას ივ სენ ლორანის პარტნიორთან – პიერ ბერჟესთან. სერიალში მაყურებელი დიზაინერის სასიყვარულო ისტორიასაც იხილავს, რომელიც ჟაკ დე ბაშერს უკავშირდებოდა.

ამჟამად სერიალის გადაღებები საფრანგეთში, მონაკოსა და იტალიაში მიმდინარეობს.