როგორც გამოცემა Hollywood Reporter იუწყება, Disney ადრეული 2000-იანი წლების ცნობილი ფილმის – “პრინცესას დღიურების” გაგრძელებას გეგმავს და პროექტზე მუშაობაც უკვე დაწყებულია. წყაროს ინფორმაციაზე დაყრდნობით, მედია გამოცემები წერენ, რომ Disney “პრინცესას დღიურების” მთავარ ვარსკვლავთან – ენ ჰეთევეისთან ამ ეტაპზე თანამშრომლობის მოლაპარაკებებს არ აწარმოებს. შესაბამისად უცნობია, ახალ ნაწილში კვლავაც პრინცესა მიას ისტორიას ვიხილავთ, თუ სიუჟეტი ამჯერად სხვა გმირის ირგვლივ განვითარდება.
“პრინცესას დღიურები” მსოფლიო კინოთეატრების ეკრანებზე პირველად 2001 წელს გამოვიდა და დღემდე ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ჰოლივუდურ კომედიად მიიჩნევა. ეს არის ფილმი, რომელმაც ენ ჰეთევეის განსაკუთრებული ცნობადობა მოუტანა და ვარსკვლავად აქცია. კინოსურათის წარმატებამ პროდიუსერებს მისი მეორე ნაწილის გადაღებისაკენ უბიძგა და შეიქმნა “პრინცესას დღიურები 2”, რომლის პრემიერა 2004 წელს შედგა.
რაც შეეხება დაანონსებულ მე-3 ნაწილს, მის შესახებ დეტალები ჯერჯერობით უცნობი რჩება, თუმცა, ცნობილია ის, რომ მსახიობი ენ ჰეთევეი პროექტის გაგრძელებას მხარს უჭერს.