სუნამო, რომელიც Calice Becker– მა მოდის სახლ დიორისთვის შექმნა, გლობალურ ბესტსელერად იქცა. მიუხედავად იმისა, რომ “Dior J’adore” არ არის ფრანგული ბრენდის პირველი სურნელი, კომერციული თვალსაზრისით, ის არაფრით ჩამოუვარდება უფრო დიდი ისტორიის მქონე პროდუქტებს. სუნამომ ცვლილება არაერთხელ განიცადა, მომხმარებელს ის ახალი დიზაინით და განახლებული სურნელით რამდენჯერმე წარუდგინეს, თუმცა დღემდე, პირველადი რჩება ყველაზე მოთხოვნად ვერსიად.

“Dior J’adore”

შეგვიძლია ვთქვათ, რომ “J’adore” მომენტალურ ჰიტად იქცა – მისი წარდგენიდან პირველივე თვეებში, სუნამო იმდენად წარმატებული გახდა, რომ Dior -ის ყველაზე მოთხოვნად პროდუქტებში საპატიო ადგილი დაიკავა. გამომდინარე აქედან, ჩნდება კითხვა, თუ რამ განაპირობა მისი ასეთი პოპულარობა.

ამ ლეგენდარული პარფიუმის ისტორია 1999 წელს იწყება. როგორც სტატიის დასაწყისში ითქვა, “J’adore”-ის ცნობილი არომატი სახელგანთქმულ პარფიუმერს, Calice Becker-ს ეკუთვნის. მისი სურვილი იყო, რომ დიორისთვის შეექმნა ნაზი, ტკბილი, თუმცა ამავდროულად მძაფრი არომატი, რომელიც იდეალურად იქნებოდა ბალანსირებული თურქული ვარდით, ჟასმინით და სხვადასხვა ყვავილოვანი ნოტებით. ბრწყინვალე ბალანსი, რომელიც სურნელს ხდის კომპლექსურს, მრავალფეროვანს, თუმცა არა ზედმეტად დატვირთულს, სურნელის წარმატების ერთ-ერთ ფორმულადაა მიჩნეული.

სიახლეს არავისთვის წარმოადგენს, რომ გარდა არომატისა, მყიდველი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სუნამოს ბოთლის დიზაინს და ზოგადად ვიზუალურ მხარეს, მითუმეტეს მაშინ, როდესაც საუბარია მსოფლიოში აღიარებულ ძვირადღირებულ ბრენდზე, რომლის ფლობა ფუფუნებას უტოლდება. ოქროსფერი შეფუთვით და სითხით, “Dior J’adore”-ს ხშირად მოიხსენიებენ, როგორც ფუფუნების, სიმდიდრის ეპიტომს.

ბოთლის დიზაინი Hervé Van der Straeten – ს ეკუთვნის. არტისტის შთაგონების წყარო ძველბერძნული თიხის ვიწროყელიანი ორყურა დიდი ჭურჭელი, ამფორა გახდა. მის ინსპირაციას სიმბოლური დატვირთვაც ჰქონდა. 1947 წელს, კრისტიან დიორმა თავისი ყველაზე მნიშვნელოვანი და რევოლუციური კოლექციის ჩვენება მოაწყო, რომელიც New Look -ის სახელითაა ცნობილი. მაშინ, ლეგენდარულმა დიზაინერმა კოლექციის ერთ-ერთი შთაგონებად სწორედ ამფორა დაასახელა.

2004 წლიდან სუნამოს უცვლელი სახეა მსახიობი Charlize Theron. მანამდე, ბრენდი თანამშრომლობდა ესტონელ სუპერმოდელ, კარმენ კასთან, რომლის ფოტოები მაღალი მოდის ინდუსტრიაში ლეგენდად იქცა.

Tags :