მას შემდეგ, რაც The White Lotus-ის მეორე სეზონი გამოვიდა, მსახიობი ჯენიფერ ქულიჯი თანამედროვე სერიალების ინდუსტრიის ერთ-ერთ აქტუალურ ფიგურად იქცა. The White Lotus-ში შესრულებული როლისათვის, 2023 წლის ოქროს გლობუსის ცერემონიაზე მსახიობს ჯილდოც გადაეცა.

როგორც ჩანს, ჯენიფერ ქულიჯის პოპულარობა კინოს და სატელევიზიო ინდუსტრიის საზღვრებს გასცდა. ახლახან, მილანის მოდის კვირეულზე, Diesel-ის ჩვენებაზე გამოჩნდა დრაგ ქვინი, რომლის ვიზუალი სწორედ ქულიჯის პერსონით იყო შთაგონებული. უფრო მეტიც, ბრიტანელმა დრაგ ქვინმა – ალექსის სტოუნმა გრიმის გამოყენებით ჯენიფერის ზუსტი იმიტაციის შექმნა შეძლო. მსახიობის ორეულს ყველა განსაკუთრებით აღტაცებული შეხვდა და აღმოჩნდა, რომ დამსწრე აუდიტორიის დიდმა ნაწილმა იფიქრა, რომ ჩვენებას თავად The White Lotus-ის ვარსკვლავი ეწვია.

როგორც ალექსის სტოუნმა აღნიშნა, ამ იმიტაციისათვის დიდხანს ემზადებოდა. ტრანსფორმაციისათვის საჭირო პროთეზების შექმნას კი ხუთი კვირა დასჭირდა. რაც შეეხება სამოსს, დრაგ ქვინს კოსტიუმი Diesel-ის კოლექციიდან ეცვა.

აღსანიშნავია, რომ ალექსის სტოუნი ცნობილია პოპ კულტურის ცნობილი ადამიანების იმიტაციით. ის სხვადასხვა პერსონად გრიმის და თავისი არტისტულობის წყალობით არაერთხელ გარდაისახა.