‘’ამ ჩვენებას არავითარი ახსნა არ სჭირდება. ის უშიშრობას, შეუპოვრობას და სიყვარულისა და მშვიდობის გამარჯვებას ეძღვნება, Живи, Україно!’’
ბალენსიაგას 2022 წლის შემოდგომა/ზამთრის ჩვენება უკვე შეფასდა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ემოციური პრეზენტაცია მათ შორის, რაც კი ოდესმე გამართულა. ბრენდის ქართველმა კრეატიულმა დირექტორმა, დემნამ კიდევ ერთხელ ნათლად დაგვანახა, თუ რატომ არის ის თანამედროვე მოდის მამოძრავებელი ძალა.
ამასთან ერთად, რაც უფრო იზრდება დემნას პოპულარობა, მით უფრო მატულობს ყალბი ინფორმაცია ქართველი დიზაინერის შესახებ. სწორედ ამიტომ ჩვენს მკითხველს ხშირად გირჩევთ თვალი ადევნოთ „დემნაგრამს“.
Demnagram – ეს არის პლატფორმა, რომელიც ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით, ყოველდღიურად გვთავაზობს სიახლეებს და ინფორმაციას ბალენსიაგას ქართველი კრეატიული დირექტორის შესახებ. აღსანიშნავია, რომ პლატფორმის დამფუძნებელი და ავტორი გუშინ გამართულ ემოციურ შოუს თავად ესწრებოდა.
„ჩვენებაზე პირადად დემნამ დამპატიჟა. ძალიან დიდ მხარდაჭერას ვგრძნობ დემნასგან და ბალენსიაგას გუნდისგან, რაც დიდ მოტივაციას მაძლევს. ჩვენება წარმოუდგენლად მაგარი იყო. მიჭირს სიტყვებით გადმოვცე ის ემოციები, რაც განვიცადე იმ მომენტში. ახლაც ემოციების ქვეშ ვარ. სეტი, მუსიკა, კოლექცია – ყველაფერი საოცრად იყო გაკეთებული. უკრაინელებისადმი დემნას მხარდაჭერა მართლაც ძალიან ემოციური იყო,“ – ამბობს საბა ბახია ჩვენთან დიალოგში და ამატებს: „დემნა ძალიან კარგი ადამიანია. როგორ შემხვდა, როგორც მექცევა მთელი ეს პერიოდი – ძალიან დასაფასებელია. უნდა ითქვას ისიც, რომ ქართულად ძალიან კარგად საუბრობს.“
ალბათ, ყველას დააინტერესებს, თუ როგორ გაჩნდა „დემნაგრამის“ შექმნის იდეა. ამ კითხვაზე ჩვენთვის სასიხარულო პასუხს ვიღებთ: „პირველ რიგში, რაც მინდა ვთქვა არის ის, რომ მადლიერი ვარ თქვენი, რადგან სწორედ Fashionholics-ის წყალობით აღმოვაჩინე პირველად დემნა, ჯერ კიდევ 2016 წელს.“
2016 წლის 6 მარტს, დემნამ ბალენსიაგას შემოქმედებითი დირექტორის ამპლუაში, პირველი ჩვენება გამართა. აღსანიშნავია, რომ 6 წლის შემდეგ, ისევ 6 მარტს გაიმართა ემოციური შოუც, რომელზეც დღეს ყველა ლაპარაკობს.
„მიზეზი რატომაც შევქმენი ‘’დემნაგრამი’’ არის ის, რომ მინდოდა დემნასა და მისი გუნდის მიმართ პატივისცემა გამომეხატა. დემნა რასაც ბალენსიაგაში აკეთებს… მან მოდის მიმართ ჩემი ხედვა სამუდამოდ შეიცვალა. არსებობს მოდა დემნამდე და დემნას შემდეგ. მისი ყველა შოუ არის ნამდვილი ხელოვნება. და ის არის ქართველი, პირველი ქართველი, რომელმაც ამხელა წარმატებას მიაღწია, ამიტომ მინდოდა პატივისცემა გამომეხატა.“
გამოიწერეთ Demnagram და ადევნეთ სიახლეებს თვალი.