ეს ისტორია 1987 წელს დაიწყო, როდესაც ტომა ბანგალტერმა და გი-მანუელ დე ომემ-კრისტმა პარიზის Lycée Carnot-ის სკოლაში ერთმანეთი გაიცნეს. ახალგაზრდები მალევე დამეგობრდნენ და ერთად მუშაობაც გადაწყვიტეს. შედეგად, 1993 წელს, პარიზში შეიქმნა დუეტი, რომელიც მიჩნეულია ელექტრონული მუსიკის ისტორიაში და არა მხოლოდ, ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან და დიდ მოვლენად. Daft Punk-ის 28 წლიანი მოღვაწეობა, რომელიც 2021 წლის 22 თებერვალს დასრულდა, მილიონობით გულშემატკივრისათვის არის განსაკუთრებული ერის დასასრული, რომელიც აღარ განმეორდება. დუეტმა სიახლე ვიდეო რგოლით გაავრცელა, რომელსაც იუთუბზე, პირველ 24 საათში, 13 მილიონზე მეტი ნახვა აქვს. მოგვიანებით, ინფორმაცია დაადასტურა Daft Punk-ის პუბლიცისტმაც.

კარიერის დასაწყისში, დუეტი მხოლოდ მუსიკაზე ორიენტირდებოდა. ისინი არ ჩნდებოდნენ მოდის ჩვენებებზე, ღონისძიებებზე, თუ ვოგის ფურცლებზე. 2001 წლიდან, როდესაც მათ მოირგეს ფუტურისტული სტილი, რომელიც Daft Punk -ის ვიზუალურ ხელწერად იქცა, მოდას და მუსიკოსებს შორის ურთიერთობა გაღრმავდა, თუმცა ეს არ ყოფილა სწრაფი პროცესი. ჯერ იყო პატარა, ნაკლებად გახმაურებული კოლაბორაციები, რაც საბოლოოდ გადაიზარდა ისეთ დიდ პროექტებში, როგორიცაა ეს გადაღება, სუპერმოდელ კარლი კლოსთან ერთად, ამერიკული Vogue-ის ედითორიალისთვის.

ფოტოგრაფი: Craig McDean

ვიდეო:

2013 წლის აპრილში, ფრანგულმა დუეტმა ათწლეულის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჰიტი Get Lucky გამოუშვა, რომელსაც კრიტიკოსების პოზიტიური შეფასებები და კომერციული წარმატება მოჰყვა. შედეგმაც არ დააყოვნა და Get Lucky-ის შექმნისთვის, დუეტმა გრემის დაჯილდოებაზე 2 ნომინაციაში გაიმარჯვა. წარმატებული წლის ბოლოს, 2013 წლის ნოემბერში, Daft Punk ჟურნალ WSJ -ს გარეკანზე ჟიზელ ბუნდჩენთან ერთად ვიხილეთ.

ფოტოგრაფი: Terry Richardson

გარდა ფოტოსესიებისა, Daft Punk ცნობილ დიზაინერებთანაც თანამშრომლობდა, მათ შორის ახალი თაობის ქუჩის სტილის კრეატორებთან, ვირჯილ აბლოსთან და გოშა რუბჩინსკისთან, მაგრამ ყველაზე გამორჩეული სენ ლორანის კოლაბორაცია აღმოჩნდა. 2012 წელს, ბრენდის შემოქმედებითი დირექტორის თანამდებობას ედი სლიმანი იკავებდა. თანამედროვე დიზაინერებში, სლიმანი შესაძლოა იყოს ყველაზე მეტად დაკავშირებული მუსიკასთან, რაც კარგად ჩანს მის კოლექციებშიც. 2012 წელს, ედიმ, სენ ლორანში თავისი სადებიუტო შოუსთვის, Daft Punk-თან თანამშრომლობა გადაწყვიტა, რაც ჩვენებისთვის ფლეილისტის შექმნას გულისხმობდა. დებიუტი ძალიან წარმატებული აღმოჩნდა. შედეგად, ფრანგული დუეტის და ბრენდის თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდა და მომდევნო ნაბიჯი სარეკლამო კამპანია გახდა, კამპანია თავად ედი სლიმანმა გადაიღო.

ედი სლიმანი შავ-თეთრი ფოტოებით სახელგანთქმულია, მაგრამ არა ისე, როგორც მოდის ფოტოგრაფიის ლეგენდა, პიტერ ლინდბერგი. გერმანელმა ფოტოგრაფმა Daft Punk ჟურნალ M Le Monde -სთვის ტოპ მოდელ, სასკია დე ბრაუსთან ერთად აღბეჭდა.

გამომდინარე აქედან, შეგვიძლია დავწეროთ, რომ მიუხედავად პასიური დასაწყისისა, ელექტრონული მუსიკის ლეგენდარული დუეტი მოდის ინდუსტრიაშიც შედგა.