
Italian Nonna Chic ჯენ-ზისთვის, შესაძლოა, ტიკ-ტოკზე აღმოჩენილი ახალი ესთეტიკაა, თუმცა ის მოდისა და ინტერიერის დიზაინერებისთვის საკმაოდ ახლო და კარგად ნაცნობია. სწორედ ასეთი, ხმელთაშუაზღვისპირეთული ესთეტიკით შთაგონებული ახალი სასტუმრო ლისაბონიდან ერთი საათის სავალზე, ალენტეხოს სანაპიროზე, ფრანგმა დიზაინერმა, კრისტიან ლუბუტანმა გახსნა.


სასტუმრო მშვიდ სოფელ მელიდესში მდებარეობს. ის, თითქოს, მე-19 საუკუნეშია გაყინული, მის ცენტრში ქვაფენილიანი მოედანია, თეთრ ფასადიანი ეკლესიითა და საოჯახო კაფეებით, რომელთა ტერასებზეც, ძირითადად, მხოლოდ ადგილობრივებს იპოვით. სოფლის ვიწრო გზები, რომლებიც ფორთოხლის ხეებითაა გარშემორტყმული, ახალ, ლაქშერი ბუტიკ სასტუმროში მიგიყვანთ, რომელსაც დიზაინერმა “Vermelho” უწოდა. Vermelho პორტუგალიურად წითელს ნიშნავს, რაც შესაძლოა, სასტუმროს ალუბლისფერ ხის კარებით და სახურავითაა შთაგონებული, თუმცა, მარტივი შესამჩნევია, რომ წითელის თემატიკა სასტუმროს ყველგან დაჰყვება.
კრისტიანს პორტუგალიაში 1990-იანი წლებიდან აქვს სახლი, რომელსაც იგი 30 წლის განმავლობაში ხშირად სტუმრობდა. სასტუმროს ტერიტორიას კი, კრისტიანი პირველად 10 წლის წინ გადააწყდა, რის შემდეგადაც დაიბადა “ვერმელიოს” იდეა. ახლად გახსნილი სასტუმრო 13 ოთახს მოიცავს, რომელთა დიზაინზე, ისევე, როგორც ექსტერიერსა და დანარჩენი ინტერიერის დიზაინზე, კრისტიან ლუბუტენმა თავად იმუშავა, პორტუგალიელი არქიტექტორის მადალენა კაიადოს დახმარებით. რაც შეეხება სასტუმროში “მიმოფანტულ” ინსტალაციებს, მათზე მადრიდელმა არტისტმა კარლოს დიაზ დე ბუსტამანტემ იმუშავა. სასტუმროში ასევე ბუტიკ-რესტორანიც გაიხსნა, რომელსაც დიზაინერის სახელი – Xtian დაერქვა.
იხილეთ ფოტოები:









