ფრანგული მოდის სახლი Chloé გაბი აგიონმა 1952 წელს დააარსა. 1960-იან წლებში, სწორედ გაბიმ აიყვანა პირველად, ამბიციური გერმანელი ახალგაზრდა, კარლ ლაგერფელდი სტუდიაში სამუშაოდ, თუმცა გაბი მხოლოდ ამის გამო არ არის ლეგენდარული ფიგურა მოდაში. მას შემდეგ, რაც ლაგერფელდი შეუდგა ბრენდში ყოველწლიურად 2 კოლექციის შექმნას, ქლოე გახდა პირველი მოდის სახლი, ხოლო გაბი კი პირველი ადამიანი, რომელმაც შემოიღო ფრაზა “prêt-à-porter” ან “ready-to-wear”. იმ დროისთვის ეს უდიდესი ინოვაცია იყო.
60-იანი წლების შემდეგ, ქლოე ერთგვარ საინკუბაციო ფაზად ჩამოყალიბდა ახალგაზრდა ნიჭიერი დიზაინერებისთვის, თითქოს სიმბოლურადაც კი. ყველას გვსმენია კარლ ლაგერფელდის უპრეცედენტო კარიერის შესახებ, რომელიც არავინ იცის როგორ განვითარდებოდა, რომ არა ქლოე. ასეა სტელა მაკარტნის, ფიბი ფაილოსა და ბევრი სხვა დიზაინერის შემთხვევაშიც.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ ნიკოლა ჟესქიერის ყოფილი პროტეჟე, ნატაშა რემზი-ლევი, თითქმის 4 წლიანი მოღვაწეობის შემდეგ, ქლოეს შემოქმედებითი დირექტორის პოზიციას ტოვებს. საინტერესოა, გაიმეორებს, თუ არა ის იგივე გზას, რაც მის წინამორბედებმა გაიარეს ქლოეს დატოვების შემდეგ.
თვალი გადავავლოთ Chloé-ს კრეატიული დირექტორებს წლების მიხედვით:
Karl Lagerfeld: 1963-1983

1963 წლიდან 1966 წლამდე, კარლი კოლექციებზე გაბისთან ერთად მუშაობდა, 1966 წლიდან 1983 წლამდე კი – მარტო. 1965 წელს, კარლი ფენდის გუნდს შეუერთდა და სილვია ვენტურინი ფენდისთან ერთად, ის სიცოცხლის ბოლომდე იკავებდა შემოქმედებითი დირექტორის პოზიციას, ისევე როგორც შანელში, რომლის კრეატიული დირექტორიც 1983 წელს გახდა, ქლოედან წამოსვლის შემდეგ.
Martine Sitbon: 1987-1991

მარტინ სიბო გახდა პირველი ქალი დიზაინერი, რომელიც ქლოეს კრეატიული დირექტორად დასახელდა, გაბის შემდეგ. მარტინმა ბრენდი კარლის წასვლიდან 4 წელიწადში ჩაიბარა. ქლოე ამ 4 წელიწადში ერთ-ერთ ყველაზე არარელევანტურ მოდის სახლად იქცა, თუმცა მარტინმა შეძლო ბრენდის მიმართ ინტერესის გაღვივება ქალური სილუეტებითა და პოდიუმებზე მომენტის ყველაზე მნიშვნელოვანი მოდელების მოწვევით.
Karl Lagerfeld: 1992-1997

კარლ ლაგერფელდი ქლოეს 90-იანებში დაუბრუნდა. ზუსტად ამ პერიოდში მოხდა ქლოეს ესთეტიკისა და ხელწერის განმტკიცება – ქლოე გახდა ახალგაზრდული, თავისუფალი სულის მქონე ადამიანის სინონიმი. სწორედ ასეთი იყო ქლოეს გოგონა, რომელიც კარლ ლაგერფელდმა თავად შექმნა ჯერ კიდევ 60-იანებში.
Stella McCartney: 1997-2001

1997 წელს ქლოეში ახალი კრეატიული დირექტორი დაასახელეს – 25 წლის სტელა მაკარტნი, რომელსაც ახალი დამთავრებული ჰქონდა სწავლა Central Saint Martins-ში. ინდუსტრიაში ბევრს შეჰქონდა ეჭვი სტელას კომპეტენციაში, მეტიც, მას აღიქვამდნენ უბრალოდ სერ პოლ მაკარტნის შვილად, თუმცა ქლოეში მამაკაცის სამოსით შთაგონებულმა კოლექციებმა სტელას დიდი წარმატება მოუტანა, ისევე როგორც მასშტაბური აღიარება მოდის სამყაროში.
Phoebe Philo: 2001-2006

ქლოეს სადავეები სტელამ 2001 წელს ფიბის გადააბარა. გარდა იმისა, რომ ორივე ბრიტანელია, სტელა და ფიბი CSM-ში ერთად სწავლობდნენ. ფიბის კარიერისთვის ქლოე ნამდვილი ტრიუმფი იყო, მანამ, სანამ მის აპოთეოზს სელინში ვიხილავდით. 2005 წელს ფიბიმ ქლოეს ლეგენდარული Paddington bag-ის დიზაინი შექმნა, სადავოა, თუმცა ფართოდ გავრცელებული აზრია, რომ ეს ისტორიაში პირველი IT ჩანთაა.
Clare Waight Keller: 2011-2017

მორიგი ბრიტანელი ქალი, რომელიც 2011 წელს ფრანგულ მოდის სახლს ჩაუდგა სათავეში კლერ უაით კელერი გახდა. მიუხედავად იმისა, რომ მისი კარიერა ქლოეში შედარებით ნაკლებად ხმაურიანად მიმდინარეობდა, 6 წლის განმავლობაში, მას ჰქონდა წარმატება Drew და Faye “IT ჩანთების” სახით. ქლოეს დატოვების შემდეგ, კლერი ჟივანშის კრეატიულ დირექტორად დაინიშნა და სამეფო საქორწილო კაბის დიზაინიც შექმნა.
Natacha-Ramsay Levi: 2017-2020

ნატაშა რემზი-ლევის ისტორია 2017 წელს ბევრისთვის კონკიას ისტორიას ჰგავდა: მან კარიერა იმით დაიწყო, რომ ნიკოლა ჟესქიერს, მაშინ ბალენსიაგას შემოქმედებით დირექტორს, ყავას უდუღებდა, წლების შემდეგ კი, ფრანგული მოდის სახლის კრეატიული ხელმძღვანელი გახდა. პრესაში მოწონება ნატაშას მხოლოდ პირველ კოლექციებს მოჰყვა, თუმცა საინტერესოა, თუ როგორ განვითარდება მისი კარიერა მომავალში.