დღეს ბრიტანული Vogue-ს 2024 წლის აპრილის ნომრის გარეკანი გამოქვეყნდა, რომელიც პირველ წარმოდგენას გვიქმნის თუ როგორი იქნება გამოცემა მას შემდეგ, რაც ედვარდ ენინფულმა მთავარი რედაქტორის თანამდებობა დატოვა. მისი შემცვლელის ვინაობა ცნობილი ჯერ კიდევ გასული წლის სექტემბერში გახდა. საპატიო როლი ჩიომა ნადიმ მოირგო, ლონდონში დაბადებულმა ჟურნალისტმა და მოდის რედაქტორმა, რომელიც ისტორიაში შევიდა, როგორც პირველი ფერადკანიანი ქალი ბრიტანული Vogue-ს სათავეში.
იქიდან გამომდინარე, რომ ედვარდ ენინფულის წასვლის შემდეგ, ბრიტანულ Vogue-ში მთავარი რედაქტორის პოზიცია გაუქმნდა, ჩიომამ “სარედაქციო კონტენტის დირექტორის” პოსტი დაიკავა. აღნიშნული თანამდებობა Vogue-ში გასული ათწლეულის მიწურულს გაჩნდა, როდესაც, რეორგანიზაციის შედეგად, ერთიანი სარედაქციო პოლიტიკის მისაღწევად Vogue-ს ყველა დიდი გამოცემა ერთიან სისტემას დაექვემდებარა. ამჟამად მთავარი რედაქტორის სტატუსი მხოლოდ ანა ვინტურს რჩება.
რაც შეეხება ჩიომას ხელმძღვანელობით გამოსულ პირველ ნომერს, მის გარეკანს FKA Twigs ამშვენებს, რომელიც ჯონი დიუფორტის ობიექტივში მოექცა. ყდაზე ბრიტანულ მუსიკოსს ჯონათან ანდერსონის კრეატიული დირექტორობით შექმნილი Loewe-ს ყვითელი კაბა აცვია.
