ბრენდის ზოგიერთი პროდუქტი მომხმარებლის მიერ იმდენად აღიარებული ხდება, რომ მისი მწარმოებლის ისტორიას ცვლის. სწორედ ეს შეიძლება ითქვას Chanel N°5 სუნამოზე, რომელმაც დროს გაუძლო და კლასიკად იქცა. 1921 წელს, როცა N°5 Chanel შეიქმნა, ის ამ სიტყვებით წარადგინეს – “ეს არის ქალის პარფიუმი, ქალის სურნელით”. ამის შემდეგ ათი დეკადა გავიდა და წელს Chanel-ის ცნობილი პარფიუმერული ქმნილება 100 წლის იუბილეს აღნიშნავს.

ამ თარიღთან დაკავშირებით, ბრენდმა სამკაულის ხაზის ფარგლებში, სუნამოსადმი მიძღვნილი კოლექცია შექმნა. კოლექციის ძირითადი და წარმდგენი ნაკეთობა ექსკლუზიური და უნიკალური ყელსაბამია, რომლის მთავარი დეტალი 55.55-კარატიანი ბრილიანტია.

ხელნაკეთი ყელსაბამის ფორმა ლეგენდარული სუნამოს ფლაკონის ცნობილი და ამ წლების განმავლობაში, შეუცვლელი ფორმით არის შთაგონებული. გარდა 55.55-კარატიანი ბრილიანტისა, ნაკეთობაში დამატებით 146 შედარებით მცირე ზომის ბრილიანტის ქვაა გამოყენებული. 

Chanel N°5 არა მხოლოდ “შანელის”, არამედ ზოგადად სუნამოების წარმოების ხანგრძლივ ისტორიაში, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროდუქტია, რომელიც ფემინურობისა დახვეწილი სურნელის სიმბოლოდ მიიჩნევა. დროსთან ერთად, მისი კლასიკური ვერსიის მომხმარებლების რაოდენობა არ მცირდება და , შესაბამისად, პროდუქტის აქტუალობაც არ ქრება. 100-წლიანი ისტორიის განმავლობაში, Chanel N°5 -ის სახეები იყვნენ ისეთი ცნობილი ქალები, როგორებიც არიან:  მერილინ მონრო. კატრინ დენევი, ნიკოლ კიდმანი, ოდრი ტატუ და სხვადასხვა სფეროს არაერთი წამყვანი ვარსკვლავი.