ვიდეოთამაშები და მოდის ინდუსტრია სულ უფრო უახლოვდება ერთმანეთს. რამდენიმე თვე გავიდა მას შემდეგ, რაც Balenciaga-მ, დემნა გვასალიას შემოქმედებითი ხელმძღვანელობით, კოლექცია კომპიუტერული თამაშის სახით წარადგინა. ამჯერად კი, ჩინეთის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი თამაშის, Honor of Kings-ის დეველოპერმა კომპანია TiMi Studios-მ მოდის სახლ Burberry-სთან თანამშრომლობის შესახებ განაცხადა. ბრენდის კრეატიულმა ხელმძღვანელმა, რიკარდო ტიშიმ ვიდეოთამაშის ერთ-ერთი პერსონაჟის, Yao-სათვის კოსტიუმების დიზაინი შექმნა.

Burberry-მ ორ კოსტიუმზე იმუშავა. ერთ-ერთ მათგანზე ბრენდის ხელწერად ქცეულ ცნობილ პრინტებს ვხედავთ. როგორც მოდის სახლი აცხადებს, პრინტებიანი კოსტიუმი ბრენდის ცნობილი თრენჩის თავდაპირველი ვერსიის ერთგვარი ინტერპრეტაციაა. მას მსოფლიო ომის დროს, ბრიტანელი ჯარისკაცები ატარებდნენ. დიზაინს Tielocken ეწოდებოდა და სპეციალური სტანდარტებით იკერებოდა, რათა სამხედრო მოსამსახურეები ფრონტზე ყოფნისას მკაცრ კლიმატში მაქსიმალურად თბილად ყოფილიყვნენ. კომპანიის შეფასებით, ამ დიზაინის წარმომავლობა და ბექგრაუნდი სიმბოლურადაც კავშირშია ვიდეოთამაშისა და კონკრეტულად ამ გმირის კონტექსტთან – Yao თავისი შესაძლებლობებით გუნდის წევრების მცველს განასახიერებს.

მეორე კოსტიუმი ლურჯი ფერის არის, თუმცა Burberry-მ საკულტო თრენჩის ფორმები აქაც შეინარჩუნა. გარდა მოდის სახლისათვის დამახასიათებელი ხელწერისა, ვიდეოთამაშის გმირის კოსტიუმების ინსპირაცია ბუნებიდანაც მოდის, რაც თავად თამაშის სიუჟეტმა განაპირობა. თუ როდის იქნება ეს გრაფიკული კოსტიუმები ხელმისაწვდომი, ჯერჯერობით ცნობილი არ არის.